ნაკრები შენების პროცესშია | ბუდუს კომენტარი 0:4-ის შემდეგ
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები „დინამო არენაზე“ ესპანეთს დაუპირისპირდა. მატჩი „ფურია როხას“ გამარჯვებით დასრულდა და „ჯვაროსნებს“ მუნდიალზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვთ — 0:4.
Sofascore-სა და Whoscored-ის შეფასებებით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორივე სტატისტიკურმა პორტალმა დუბლის ავტორი ოიარსაბალი დაასახელა (იხილეთ).
მატჩის შემდეგ ბუდუ ზივზივაძე მედიას ესაუბრა: „დავმარცხდით იმიტომ რომ ესპანეთთან თამაში ყოველთვის რთულია. არამარტო ჩვენთვის, არამედ დიდი ნაკრებებისთვისაც, თუმცა ვიტყვი, რომ ოქტომბრის მატჩებთან შედარებით დღეს რამდენიმე პოზიტიური მომენტი იყო.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებში ბევრი ახალი ფეხბურთელია, რასაც დრო ჭირდება. ახლა ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები შენების პროცესშია, რომ ქართველ ხალხს სიხარული ისევ მოუტანოს. იმედი მაქვს, რომ ამ ნაკრებს შესწევს იმის ძალა, რომ მომავალში ქართველი ხალხი გაახაროს.
ხვალიდან პოზიტიური განწყობით უნდა გავაგრძელოთ, რადგან ბულგარეთის თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალი წლისთვის პოზიტიური განწყობა შევიქმნათ. ნაკრებში უმნიშვნელო თამაში არ არსებობს, ამიტომ ვფიქრობ ბულგარეთთან მატჩი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება’’.
5 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „ჯვაროსნები" თურქეთს 9 ქულით, ხოლო ესპანეთს 12 ქულით ჩამორჩებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი მატჩია დარჩენილი, რომელსაც 18 ნოემბერს, სტუმრად ბულგარეთთან გავმართავთ.