ჯორდანის რეკორდი გაიმეორა - კარის ვერ აჩერებენ
სტეფ კარის ფენომენალური ასპარეზობა „გოლდენ სტეიტს“ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „სან ანტონიოს“ ორჯერ დამარცხებაში დაეხმარა. პარასკევს 37 წლის კალათბურთელმა 46 ქულას მოუყარა თავი და „უორიორსმა“ ტეხასელებს ხუთქულიანი სხვაობით, 125:120 მოუგო. ამჯერად კი, ოკლენდელებს გაცილებით რთული ბრძოლის გადატანა მოუწიათ, თუმცა სტეფის დამსახურებით, რომლის ანგარიშზეც უკვე 49 ქულა გახლდათ, ისევ გაიმარჯვეს - 109:108.
კარიმ პარკეტზე გატარებულ 36 წუთში 49 ქულის გარდა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან ჩვიდმეტიდან ცხრა სამქულიანი, ცხრიდან შვიდი ორქულიანი და რვიდან რვა საჯარიმო ჩააგდო. სტეფმა ოთხივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. შედეგად, 2022 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა ვარსკვლავმა ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა.
ცნობისათვის, სტეფ კარიმ მაიკლ ჯორდანის რეკორდი გაიმეორა. „ჩიკაგო ბულზის“ ლეგენდა აქამდე ერთადერთი გახლდათ, რომელსაც ზედიზედ ორ თამაშში მინიმუმ 45 ქულა ჰქონდა დაგროვებული და ახლა მას „უორიორსის“ ვარსკვლავი გაუთანაბრდა.