გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ბოლო დაბრკოლება გიორგის კედელია“ | Marca-ს სტატია მამარდაშვილზე

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ Marca-მ გიორგი მამარდაშვილს სტატია მიუძღვნა. მისი ავტორი დღევანდელ თამაშს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე ესპანეთის ერთ-ერთი ბოლო დაბრკოლება „მამარდას“ კედელია.

„დღეს, თბილისში, ესპანეთის ნაკრები საქართველოს ხვდება — მნიშვნელოვანი თამაშია, რომელშიც გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება. ესპანეთის ნაკრების ბოლო დაბრკოლება გიორგის კედელია, რომლის სიმაღლეც თითქმის ორი მეტრია.

კედელი იმ მეკარისა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ — მეკარისა, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია, ლივერპულის ღირსებას იცავს, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. თუმცა, საინტერესოა, რომ ერთმა დღემ მამარდაშვილის კარიერაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. საჭირო დროს საჭირო ადგილას უნდა იყო და გიორგისთვის ეს მომენტი 20 წლის ასაკში, სრულიად შემთხვევით დადგა.

2021 წლის 13 აგვისტო — დღე, როცა ლა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი ტურის პირველი მატჩი გაიმართა. „ვალენსია“ „ხეტაფეს“ ხვდებოდა და ყველასთვის მოულოდნელად, „ღამურებმა“ ორივე მეკარე დაკარგეს. ხაუმე დომენეკმა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და სილესენიც ტრავმირებული იყო. დადგა დრო, კლუბს ალტერნატიულ ვარიანტზე ეფიქრა და აირჩია ქართველი ბიჭი, რომელიც 20 წლის იყო, გამოცდილება არ ჰქონდა და მხოლოდ საქართველოს უმაღლეს დივიზიონში უთამაშია. მისი გვარია მამარდაშვილი — მწვრთნელი კი, ვინც გარისკა, ხოსე ბორდალასი იყო.

მამარდაშვილის დებიუტი საოცარი იყო — ის „ვალენსიას“ ნამდვილ ვარსკვლავად მოევლინა და თამაშის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა. მისმა გამოსვლამ გრანდების ყურადღება მიიქცია, თუმცა წარმატებისკენ მიმავალი გზა გრძელი და რთული აღმოჩნდა. მამარდაშვილს ჰქონდა როგორც აღმასვლები, ისე დაღმასვლებიც. „რეალთან“ დაშვებული შეცდომის შემდეგ ის სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა, მაგრამ ოჩოტორენამ მის პროგრესში უდიდესი როლი ითამაშა და გიორგი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა. ეს 2022 წლის მარტში მოხდა და სასტარტო თერთმეტეულში ადგილი 2025 წლის ივნისამდე შეინარჩუნა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, მამარდაშვილისა და ესპანეთის ნაკრების გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა. ერთხელ ეს ევრო 2024-ზე მოხდა — გიორგი ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე იყო და საქართველოს პლეიოფში გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა შემდეგ ესპანურ მრისხანებას შეეჯახა და ოთხი გოლი გაუშვა. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთმა მამარდაშვილს სამი და შვიდი გოლი გაუტანა. მეოთხე დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ გაიმართა და „ფურია როხამ“ ორი ბურთი შეაგდო“, — წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 15 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება. თუ „ჯვაროსნებმა“ სამი ქულა ვერ აიღეს ან თურქეთმა ბულგარეთთან ერთი ქულა მაინც მიიღო, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც აღარ გვექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოუცდელობის გამო შეცდომები დავუშვით“ - სვანაძე ბერძნებთან მარცხზე
„გამოუცდელობის გამო შეცდომები დავუშვით“ - სვანაძე ბერძნებთან მარცხზე