ყოფილი მორაგბე და ფინანსისტი - მადალენას საინტერესო ისტორია
ჯეკ დელა მადალენა ისლამ მახაჩევის ახალი და შეიძლება ითქვას, ძალების ყველაზე სერიოზული შემმოწმებელია იმ მეტოქეთა შორის, რომელიც აქამდე დაღესტნელ ჩემპიონს ჰყოლია. მან ნახევრადსაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ბელალ მუჰამადის დამარცხებით მოიპოვა, რომელიც მახაჩევის გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ახლა, რამდენიმე დღეში, თბილისის დროით 16 ნოემბერს, გამთენიისას კი, ისლამს დაუპირისპირდება და შეეცდება მას კიდევ ერთი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაუფლების საშუალება არ მისცეს.
მადალენას ბაბუა სარდინიელი იყო, ჯეკი და მამამისი კი ავსტრალიაში დაიბადნენ, თუმცა მათ ოჯახს იტალიური გვარი დარჩა და სხვათა შორის ჯეკის სრული სახელიც იტალიურია - ჯაკომო მადალენა. 6 წლიდან რაგბის თამაშობდა, რამაც როგორც თავად აღნიშნავს, ბრძოლისა და შეჯიბრითობის სურვილი გაუჩინა. ჰყავდა უფროსი ძმა ჯოში, რომელიც ხშირად ჭიდაობდა ჯეკთან ერთად, ხანდახან კი ჭიდაობა ჩხუბში გადაიზრდებოდა, რის გამოც 13 წლის ასაკში ჭიდაობიდან MMA-ში გადაინაცვლა.
ზუსტად ერთ წელიწადში მადალენამ კრივზე ვარჯიში დაიწყო და თუ თავდაპირველად იქ ძმასთან ერთად სპორტული ფორმის შენარჩუნებაზე მუშაობდა, მალე ტექნიკურმა ასპექტებმაც დააინტერესა და რაგბიში სასკოლო შეჯიბრების დასრულების შემდეგ, გადაწყვიტა ძალები შერეულ ორთაბრძოლებში მოესინჯა. როდესაც ახალგაზრდა იყო, MMA-ს მებრძოლებიდან ნიკ დიაზი და ხორხე მასვიდალი მოსწონდა, ამჟამად კი მისი სიმპათიებით პიოტრ იანი სარგებლობს. მისი საყვარელი ფილმები კი 1971 წელს გამოშვებული „ვილი ვონკი“ და „შოკოლადის ფაბრიკაა“. რაც შეეხება მეუღლეს, დიდი ხანია მიშელი ცოლად მოიყვანა და ორი შვილი ჰყავთ.
MMA-ში საწყისი ორი ორთაბრძოლა წააგო - ჯერ საშუალო წონით დივიზიონში, ხოლო შემდეგ ასევე ამ წონაში, თანაც პირველივე რაუნდში ნოკაუტით, რის შემდეგაც მიხვდა, რომ მზადების პროცესში ბევრი რამ შესაცვლელი იყო. კორექტივების შეტანამ გაამართლა და ახლა ჯეკის ანგარიშზე 18 მოგებული ორთაბრძოლაა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დიდი ხნის განმავლობაში მადალენა ვარჯიშს ფინანსურ სექტორში მუშაობას უთავსებდა და რეგიონალური პრომოუშენის, Eternal MMA-ს ჩემპიონობის შემდეგ მაინც ოფისში დადიოდა. ჯეკი Key Factors-ის თანამშრომელი იყო და მისი სამსახური არსებითად კომპანიების გადახდისუნარიანობის ანალიზს მოიცავდა. ეს სულაც არ ჰგავდა შერეულ ორთაბრძოლებს, მაგრამ როგორც თავად აღნიშნავს, ფიზიკური და გონებრივი მუშაობის კარგი ბალანსი იყო. საოფისე სამსახურის გარეშე პირველი საწვრთნელი კემპი მხოლოდ და მხოლოდ დენა უაითის საპრეტენდენტო სერიის ბრძოლის წინ ჩაატარა: „პირველად მოხდა, რომ ვარჯიშის დროს საათზე არ ვიყურებოდი, აღდგენისთვის, ძილისთვის და ნორმალური კვებისთვის შესაბამისი დრო მქონდა“ - აღნიშნავს ავსტრალიელი მებრძოლი.
მადალენა თრეშ-ტოკების სპეციალისტი ნაკლებად არის და თითქმის არასოდეს ცდილობს ოპონენტის წყობიდან გამოყვანას. როგორც UFC-ის კომენტატორმა ჯონ აკიმა განაცხადა, ჯეკი ჟურნალისტებთან ნაკლებად საუბრობს, თუმცა სამაგიეროდ ოქტაგონში ღირსეულად გამოიყურება. ამ ორგანიზაციაში გამართული ბოლო რვა ბრძოლიდან ექვსში მადალენამ ბონუსი გამოიმუშავა - ორჯერ საღამოს საუკეთესო ჩხუბისთვის, ოთხი კი საუკეთესო გამოსვლისთვის, რაშიც 300 ათასი დოლარი მიიღო.
ჯეკის გარეგნობის ხსენებისას ყველა მის ცხვირს აღნიშნავს, რომელიც მან კარიერის დასაწყისში მოიტეხა: „ცხვირი საკმაოდ ცუდი მაქვს, მგონი მეორე ბრძოლის დროს დამემსხვრა, როდესაც მოწინააღმდეგემ მუხლი მთელი ძალით ჩამარტყა, ამის შემდეგ ჩემი ცხვირი არასწორად არის მობრუნებული“ - აღნიშნავს ისლამ მახაჩევის მომავალი მოწინააღმდეგე.