„ზუსტად ასეთი გოლი შარშან სიტის ჩაუთვალეს“ - სლოტი არბიტრზე გაბრაზებულია
2012 წლის შემდეგ პირველად „ლივერპულმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში სტუმრად ზედიზედ ოთხი მარცხი განიცადა - ამჯერად მერსისაიდელებმა გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ დიდი ანგარიშით, 0:3 წააგეს. არადა, მაშინ როდესაც ტაბლოზე 0:0 იყო დაფიქსირებული, გიორგი მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდს პენალტი აუღო, რასაც წესით სტუმრებისთვის დიდი ფსიქოლოგიური მუხტი უნდა მიეცა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და „ქალაქელებმა“ „წითლების“ კარში 3 უპასუხო ბურთი გაიტანეს. შეკითხვაზე, რამ გამოიწვია მისი მომზადებული კლუბის მორიგი მარცხი, „ლივერპულის“ ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ასეთი პასუხი გასცა:
„არბიტრის მიერ ვან დაიკის გოლის გაუქმების დროს მიღებული გადაწყვეტილება აშკარად მცდარი გახლდათ, რადგან რობერტსონი პასიურ ოფსაიდში იყო და მეკარეს ხელს საერთოდ არ უშლიდა. სხვათა შორის გასახდელში ჩასულს ჩემმა ასისტენტმა შარშანდელ სეზონში „მანჩესტერ სიტის“ მიერ „ვულვზის“ კარში ანალოგიურ სიტუაციაში გატანილი ბურთი მაჩვენა, რომელიც რატომღაც ჩათვალეს.
დამიჯერეთ, ფეხბურთში წვრილმანებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ - წარმოიდგინეთ პირველ ტაიმში, როდესაც საკმაოდ სუსტად გამოვიყურებოდით, შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით რომ გავსულიყავით, რამხელა პლუსი იქნებოდა.
დოკუზე დანიშნული თერთმეტმეტრიანის მომენტში შორიდან დავინახე რომ კონტაქტი იყო, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ბელგიელს წაქცევა წინასწარ ჰქონდა განზრახული. ასეთ შემთხვევებში VAR-ის მსაჯები და მთავარი არბიტრები მსგავს გადაწყვეტილებებს ხშირად იღებენ. ასე რომ, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ნაკლები პრეტენზიები მაქვს“.
ცნობისათვის, კიდევ ერთი უარყოფითი ფაქტი „ლივერპულისთვის“ ის გახლავთ, რომ კლუბმა შეწყვიტა 44-მატჩიანი სერია პრემიერ ლიგაში, რომლის დროსაც თითოეულ შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს მაინც იტანდა.