„მოტივირებული ვარ, რადგან სირთულეები მიყვარს“ - ენრიკე ლიონთან მატჩის წინ
ლიგა 1-ის მე-12 ტურში პსჟ სტუმრად „ლიონს“ დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და „ბაიერნთან“ წაგებულ შეხვედრაზეც ისაუბრა.
„მატჩის (ბაიერნის წინააღმდეგ) გაანალიზების შემდეგ, უფრო მეტი პოზიტიური რამ გავაკეთეთ, ვიდრე მეგონა. გვქონდა რამდენიმე რთული მომენტი. ეს უფრო კონკურენტუნარიანი მატჩი იყო. არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა. სეზონი სამი თვის წინ დაიწყო. უნდა იცოდე, როგორ მართო ეს ყველაფერი, რათა პოზიტიური დარჩე. ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, როგორ ვარჯიშობდა გუნდი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. გუნდის ირგვლივ ბევრი ხმაურია. ჩვენ ლიგის ლიდერები ვართ, ჩემპიონთა ლიგაზე კარგ პოზიციაზე ვართ, უნდა გავაგრძელოთ, პოზიტიური მხარეების ძიება. შეგვიძლია გავუმჯობესდეთ, მაგრამ ჩემთვის ეს პოზიტიურია.
იდეალურ შემთხვევაში, გვინდა მოვიგოთ მატჩი (ლიონთან) კარგი გუნდისა და ძალიან კარგი მწვრთნელის წინააღმდეგ, რომელიც მომწონს. ეს განსაკუთრებული მომენტია. ეს არის დრო, რომ ვაჩვენოთ ჩვენი გამძლეობა.
ძალიან მოტივირებული ვარ, რადგან მიყვარს სირთულეები. ჩემთვის ეს ძალიან განსაკუთრებული, მაგრამ პოზიტიური მომენტია. უნდა მიიღო ყოველი მომენტი და ეძებო პოზიტიური მხარე. ეს არის რაღაც, რაც საერთოა უმაღლესი დონის მწვრთნელებისთვის.
ტრანსფერები? ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ახალი ტრანსფერებისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან არ არის არანაირი აჩქარება, არანაირი წუხილი. ვუყურებთ დადებით და უარყოფით მხარეებს. ამჟამად პრობლემა არ არსებობს. არის ტრავმები, მაგრამ ეს ყველა კლუბში ასეა. ჩვენ ვენდობით გუნდში მყოფ ფეხბურთელებს“.
„ლიონისა“ და პსჟ-ს მატჩი, ხვალ ჩვენი დროით 23:45-ზე დაიწყება.