„მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე არ ვოცნებობ“ | კრიშტიანუ რონალდუ
კრიშტიანუ რონალდუმ პირს მორგანს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე არ ოცნებობს. რონალდუს თქმით, მისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში უკვე წერია და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ტიტულები მოგებული აქვს.
„თუ მკითხავთ, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე ვოცნებობ თუ არა, ალბათ, ჩემი პასუხი გაგაკვირვებთ — არ ვოცნებობ. მუნდიალის მოგება ჩემს სტატუსს ფეხბურთის ისტორიაში ვერ შეცვლის. არ ვიტყუები — ვცდილობ, თითოეული მომენტით სიამოვნება მივიღო. დროის გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს მომენტებია.
ხალხი, ამბობს: „კრიშტიანუ ყველა დროის საუკეთესო გახდება თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს.“ ამას არ ვეთანხმები. მე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, სამი ტიტული უკვე მოვიგე.
რამდენი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო არგენტინამ მესიმდე? რამდენი? ისინი ჩემპიონები ორჯერ გახდნენ და ასეთი ქვეყნებისთვის ეს ნორმალურია. ისინი დიდი ტურნირების მოგებას შეჩვეული არიან. ვის გაუკვირდება თუ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონი გახდება? აი, პორტუგალიის ტრიუმფი კი მთელი მსოფლიოსთვის შოკი იქნება. რა თქმა უნდა, როდესაც თამაშობ, გამარჯვება გინდა, მაგრამ არ ვაპირებ, საკუთარი ხედვები შევცვალო.“
ცნობისთვის, რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის პორტუგალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატებზე მაღალი დონისაა. ოღონდ „პარი სენ-ჟერმენის“ გამოკლებით.