ოფიციალურად | იგორ ტუდორმა იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ტურინის „იუვენტუსმა“ მთავარი მწვრთნელი გაუშვა. „ბებერმა ქალბატონმა“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და მასში აღნიშნულია, რომ იტალიურმა გრანდმა იგორ ტუდორთან თანამშრომლობა შეწყვიტა.
„იუვენტუსი იუწყება, რომ დღეს, კლუბმა იგორ ტუდორი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა და მასთან ერთად გუნდი მისი სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც დატოვეს. მთავარი მწვრთნელის პოსტი დროებით მასიმო ბრამბილამ ჩაიბარა და უდინეზესთან მატჩში გუნდს სწორედ ის უხელმძღვანელებს.
იუვენტუსი ტუდორსა და მის სამწვრთნელო შტაბს პროფესიონალიზმისა და თავდადების გამო, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში აჩვენეს, მადლობას უხდის. მას მომავალში ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, - წერს „იუვენტუსი“.
ცნობისთვის, „იუვენტუსს“ 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხი შეხვედრიდან 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა. ბოლო ოთხ მატჩში „ბებერმა ქალბატონმა“ გოლიც ვერ გაიტანა და ტუდორის გაშვება სწორედ ამით იყო განპირობებული. სერია A-ს გასულ ტურში „იუვენტუსს“ „ლაციომ“ 1:0 მოუგო.