კლასიკოს მსაჯები ცნობილია - უკეთესი მოგონებები რეალს აქვს
„რეალი“ – „ბარსელონას“ მთავარ არბიტრად, რომელიც ხვალ, მადრიდში, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 19:15 წუთზე დაიწყება, სესარ სოტო გრადო დაინიშნა, რომელსაც VAR-ის ოთახიდან იგლესიას ვილიანუევა დაეხმარება. აქამდე გრადოს „ელ კლასიკოზე“ მხოლოდ ერთხელ, 2024 წლის 21 აპრილს აქვს ნამუშევარი, როდესაც მადრიდელებმა კატალონიელები 3:2 დაამარცხეს და მან „რეალის“ სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.
სამეფო კლუბის მონაწილეობით სოტო გრადოს კარიერაში 22 მატჩი აქვს ნამსაჯი, საიდანაც კასტილიელებმა 14 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს. მან „ბლანკოსის“ მოთამაშეებს 46 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა, დედაქალაქელთა სასარგებლოდ - 6, ხოლო საწინააღმდეგოდ 5 პენალტი დანიშნა.
რაც შეეხება „ბარსელონასა“ და გრადოს - მათი გზები 14 მატჩზე გადაიკვეთა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 5-ჯერ დამარცხდნენ. ამ თამაშებში „ბლაუგრანას“ წარმომადგენლებს 22 ყვითელი ბარათი უჩვენა და როგორც მათ, ასევე მეტოქეთა კარში თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ სამჯერ მიუთითა.