„ილდიზის სანაცვლად, ალონსო მზადაა, მბაპეს გარდა, ყველა გაუშვას“ - აგენტი
მადრიდის „რეალის“ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს სურს, რომ კენან ილდიზი თავის გუნდში იხილოს. როგორც Goal.com-ი წერს, ამის შესახებ აგენტმა ჯოვანი ბრანჩინიმ განაცხადა.
„იუვენტუსის“ თურქი მარცხენა ვინგერით მრავალი ევროპული კლუბია დაინტერესებული.
„ალონსოს ილდიზი „რეალში“ სურს. ჩაბი მზად არის, ნებისმიერი გაუშვას მის მოსაყვანად, მბაპეს გარდა. „იუვენტუსი“ ამჟამად კენანის სანაცვლოს 100 მილიონ ევროს ითხოვს“, - განაცხადა ბრანჩინიმ AS-თან.
ალონსოს 20 წლის ფეხბურთელის მიმართ აღფრთოვანება დადასტურდა პრესკონფერენციაზე, რომელიც „იუვენტუსთან“ შეხვედრამდე გაიმართა.
„იუვენტუსს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს და ილდიზი ერთ-ერთი მათგანია. მას ფანტასტიკური განვითარება აქვს. მე მას ვიცნობ და მისი პროგრესის ხილვა ძალიან მახარებს“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.
მიუხედავად იმისა, რომ „მადრიდსა“ და „იუვენტუსს“ შორის ილდიზის პოტენციურ მომავალზე დისკუსია არ ყოფილა, ილდიზმა მიანიშნა, რომ სურს მომავალში „ლოს ბლანკოსის“ წარმოადგენდეს.
კლუბის დაუსახელებლად, მან აღნიშნა, რომ „ბერნაბეუზე“ თამაში გააბედნიერებდა.
„ყველა ბავშვი ოცნებობს ამ სტადიონზე თამაშზე. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში და ახლა იქ თამაშის შესაძლებლობა - ეს ახდენილი ოცნებაა. ჩემპიონთა ლიგაზე ისეთ კლუბთან თამაში, როგორიცაა მადრიდის „რეალი“, უბრალოდ წარმოუდგენელია“ - თქვა კენანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში თურქმა ფეხბურთელმა „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გეტყვით ასევე, რომ კენან ილდიზის მოქმედი კონრაქტი ტურინულ კლუბთან 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს.