„ბრესტის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია“ - ენრიკეს პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ბრესტთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე და ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩზე.
ლუის ენრიკე:
„ისეთ მატჩებში, როგორიც „ლევერკუზენთან“ იყო, ყველაფერს პატარა დეტალები წყვეტს. პირველ ტაიმში სამი გოლის გატანა შევძელით და ეს ძალიან მნიშველოვანი იყო.
ყველა ფიქრობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ ეს ასე არაა. დღეს უფრო ჩემი ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვფიქრობ, ვიდრე ოპონენტზე. ყველა მეტოქის წინააღმდეგ განსხვავებულად ვემზადებით, მაგრამ ასევე აუცილებელია იმის მონიტორინგი, თუ როგორ ნაწილდება დატვირთვა ფეხბურთელებზე.
იცით, რომ უნივერსალი ფეხბურთელები მომწონს, და ჩვენს გუნდში ასეთი არაერთია. მაგალითად, ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში რამდენიმე ფეხბურთელს შეუძლია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„ბრესტი“? ერიკ როის კარგად ვიცნობ, ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, ამიტომ ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და მაღალი დონე ვაჩვენოთ. ჩვენი მიზანი პირველ ადგილზე დაბრუნებაა, ამისათვის კი მატჩების მოგებაა საჭირო.
დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გავიგებთ, ვინ შეძლებს ხვალ თამაშს. რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის შემდეგ ბრუნდება და ეს ძალიან კარგი სიახლეა. კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე ვერც ინდივიდუალურად და ვერც კოლექტიურად განვითარება შეუძლებელია“.
ცნობისთვის, 8 ტურის შემდეგ პსჟ 17 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან „მარსელს“ 1 ქულით ჩამორჩება. ბრესტისა და პსჟ-ის მატჩი ხვალ გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.