ოქროს ბურთის მოგების ფავორიტები | Goal.com-ის რეიტინგი
გავლენიანი სპორტული ვებგვერდი Goal.com-ი პერიოდულად „ოქროს ბურთის“ გამარჯვების შანსებს აფასებს და შესაბამის რეიტინგსაც ადგენს. ამჯერად გამოცემამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის სათავეშიც მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრფორვარდი, ჰარი კეინი მოექცა.
„ყოველთვის მოიძებნებიან გულშემატკივრები, რომლებიც კეინის დონეს სათანადოდ არ აფასებენ, მაგრამ ახლა, როდესაც ის უტიტულო ფეხბურთელის სტატუსისგან გათავისუფლდა, რის გამოც მას წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ, ინგლისელ ფორვარდს შეუძლია, საკუთარი უნარები სრულად გამოავლინოს და ინდივიდუალური ჯილდოებისთვის იბრძოლოს.
ბომბარდირის თვისებების გარდა, კეინმა მიუხნენში სხვა ასპექტებშიც მოუმატა და თუ ახლანდელ ფორმას შეინარჩუნებს, სეზონის ბოლოს კიდევ არაერთ ტიტულს მოიგებს. ამავდროულად, „სამი ლომის“ გულშემატკივრებიც იმედოვნებენ, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანი ზაფხულს შესანიშნავ ფორმაში შეხვდება და მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინებს“, - წერს გამოცემა.
კეინის გარდა, საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ „რეალის“ ფრანგი ფორვარდი კილიან მბაპე და „სიტის“ ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი.
Goal.com-ის სრული რეიტინგი ასე გამოიყურება: ჰარი კეინი (ბაიერნი/ინგლისი), კილიან მბაპე (რეალი/საფრანგეთი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი/ნორვეგია), ლამინ იამალი (ბარსელონა/ესპანეთი), ნუნუ მენდეში (პსჟ/პორტუგალია), პედრი (ბარსელონა/ესპანეთი), ვიტინია (პსჟ/პორტუგალია), ბუკაიო საკა (არსენალი/ინგლისი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი/ბრაზილია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ/მაროკო).
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში კეინის ანგარიშზე 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.