„მივხვდი, რომ ჩემი პროექტი არ იყო“ - კლოპმა 2013-ში იუნაიტედს უარი უთხრა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივართა უმეტესობას აწუხებს შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რომელ სპეციალისტს უნდა ჩაებარებინა მათი საყვარელი კლუბი სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ საიმისოდ, რომ „ალისფერი ეშმაკები“ ისეთ ღრმა კრიზისში არ შესულიყვნენ, საიდანაც უკვე თორმეტი წელია ვერ გამოდიან. როგორც ახლა ირკვევა, ლეგენდარული ფერგის წასვლისთანავე „იუნაიტედის“ შეფებს იურგენ კლოპის დანიშვნა სურდათ, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. დეტალების შესახებ გერმანელმა სპეციალისტმა თავად ისაუბრა.
იურგენ კლოპი
როდესაც ფერგიუსონი წავიდა, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ და ამ გუნდის ჩაბარება შემომთავაზეს. მაშინ „დორტმუნდში“ არაჩვეულებრივი კლუბი მყავდა და ალბათ, ისინი ჩემზე ფიქრობდნენ: „რას აკეთებს ბორუსიაში“.
ცოტა ხანში შევიტყვე, რომ „სიგნალ იდუნა პარკზე“ გამართულ „ბორუსია“ – „რეალის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს ადამ ლალანა და ჯეიმს მილნერი დაესწრნენ და დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ ჩემზე, როგორც არაჩვეულებრივ სპეციალისტზე საუბარი დაიწყეს.
რატომ ვთქვი „მანიუზე“ უარი? „დორტმუნდთან“ კონტრაქტი მაკავშირებდა და მას ვერ გავწყვეტდი. ერთი სიტყვით, მათი შემოთავაზება არასწორ დროსა და არასწორ მომენტში მოხდა. არადა, მითხრეს, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს დაიმატებდნენ, ვისაც მე ვეტყოდი.
გარდა ამისა, მოლაპარაკებების პროცესში იყო რაღაცეები, რაც არ მომეწონა. მაგალითად ისინი პოლ პოგბას და კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე ფიქრობდნენ, მსგავსი გადაწყვეტილებებით კი კარგ გუნდს ვერასოდეს ააწყობ. ერთი სიტყვით მივხვდი, რომ ეს ჩემი პროექტი არ იყო და უარი ვთქვი“.
შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედისთვის“ უარის თქმიდან ორ წელიწადში იურგენ კლოპმა „მანკუნიანელების“ ყველაზე პრინციპული მეტოქე „ლივერპული“ ჩაიბარა, რომელთანაც ერთად ნამდვილი ეპოქა შექმნა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.