შესაძლოა დადგეს დრო, როცა ჩვენი გზები გაიყოფა | სენტ-ეტიენის მენეჯერი ზურიკოზე
„სენტ-ეტიენის’’ მენეჯერი ჰუს ფაჰმი RMC Sport-ს ესაუბრა. ჩვენთვის საინტერესო ის მონაკვეთი იყო, როცა მან ზურიკო დავითაშვილი ახსენა. მისი თქმით, შესაძლოა დადგეს დრო, როცა დავითაშვილისა და „სენტ-ეტიენის'' გზები გაიყოფა.
- როდესაც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ლუკას სტასინი არ გაგეყიდათ, ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენი ამბიციების შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობებიც გაქვთ?
- არა, ეს არ იყო რაიმე შეტყობინების გაგზავნის მცდელობა. ზაფხულის პერიოდი საშუალებას გვაძლევს, გავაძლიეროთ სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა გამორჩეული პროფილის მქონეებით. ჩვენი წარმატება მთლიანად გუნდზე იქნება დამოკიდებული. ვენდობით ამბიციურ ფეხბურთელებს, რადგან თავადაც ამბიციურები ვართ. ლუკას სტასინი, ზურიკო დავითაშვილი, აგუსტინ ბოაკიე, ბენ ოლდი, ჩიკო ლამბა, მაჰმუდ ჯაბერი, ებენეზერ ანანი… ყველას საერთო აქვს ინდივიდუალური და გუნდური ამბიცია. შეიძლება დადგეს დრო, როცა მათ სხვა საინტერესო პროექტები ექნებათ, ან მოვა დრო, როცა გზები უნდა გაიყოს, მაგრამ დღეს ჩვენ ერთად ვქმნით და გვინდა კლუბი წინ წავიყვანოთ, გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნებით, რაც აუცილებელია ლიგა 1-ში დასაბრუნებლად. ძალიან ვამაყობთ ჩვენი ფეხბურთელებით და სამწვრთნელო შტაბით, რომლებიც ყოველდღიურად მაგრად შრომობენ.
სპორტული თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა ნამდვილი ნდობა იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც პროექტში ადრე ჩავრთეთ და რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოხატვას დრო და სირთულე დაუთმეს. მაგალითად, ლუკას სტასინი, ზურიკო დავითაშვილი და აგუსტინ ბოაკიე''.
გასული სეზონების მსგავსად ზურიკო ამ სეზონშიც არასტაბილურია, თუმცა საერთო ჯამში კარგ სტატისტიკას აფიქსირებს. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 9 მატჩში (7 სასტარტოში) 4 გოლი გაიტანა. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ორ ფეხბურთელს, დამიენ დიურანსა (5 გოლი) და ტოფიკ ბენტაიებს (6 გოლი) ჩამორჩება.
გამოცემა Sözcü-ს ცნობით, „ბეშიქთაშის’’ მთავარი მწვრთნელის, სერგენ იალჩინის ფავორიტი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილია. აღნიშნული წყაროს ცნობით, თურქულ კლუბში ამბობენ, რომ ზურიკო „ბეშიქთაშში’’ გადასვლისთვის მზადაა. „ბეშიქთაში’’ ზურიკოს გადაბირებისთვის აქტიურად იმუშავებს და მოლაპარაკებაში კლუბის პრეზიდენტი სერდალ ადალი ჩაერთვება.