11 საგოლე მოქმედება 12 მატჩში | კიტეიშვილის აღიარება ავსტრიაში
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში გრაცის „შტურმმა’’ გასვლით მატჩში „ლინცს’’ მოუგო. გამარჯვებაში გრაცელთა ქართველმა „ათიანმა’’ ოთარ კიტეიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა. 63-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის პასით მორის მალოუინიმ გაიტანა, ანგარიში 1:2 გახდა. 87-ე წუთზე კიტეიშვილმა გამარჯვების გოლი შეაგდო.
Sofascore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ კიტეიშვილი დაასახელა და შემდეგ მე-10 ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.
კიტეიშვილს კარიერაში ასეთი შედეგიანი სეზონი არ ჰქონია, ბუნდესლიგის შვიდ მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში „რეინჯერს’’ შეუგდო, ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, 11 მატჩში 10 საგოლე მოქმედება აქვს (8 გოლი და 2 საგოლე პასი). მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთთან საგოლე პასი შეასრულა. თუ სანაკრებო მატჩებსაც ჩავთვლით, ამ სეზონში 12 მატჩში 11 საგოლე მოქმედება დაუგროვდა (8 გოლი და 3 საგოლე პასი).
29 წლის ფეხბურთელი, რომელიც 2018 წლიდან „შტურმში'' თამაშობს, ბოლო ორ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა.