ბუდუ გოლთან ძალიან ახლოს იყო | ჰაიდენჰაიმი ვერდერს დაუზავდა
ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ „ვერდერს“ უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა (2:2).
ქართველი ფორვარდი, რომელსაც 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ამოეწურა, „ჰაიდენჰაიმის“ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. ბუდუს გოლის გატანა პირველივე წუთებზე შეეძლო, როცა საჯარიმოს გარედან მისი დარტყმა „ვერდერის“ მეკარემ მოიგერია. კიდევ ერთხელ თავის გამოჩენის საშუალება ქართველ ფორვარდს 21-ე წუთზე მიეცა, როდესაც ბუდუმ მეკარე მოატყუა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან „ვერდერის“ მცველმა გამოიტანა. მეორე ტაიმში ქართველ ფორვარდს საგოლე მომენტები არ ჰქონია და ის 79-ე წუთზე მარვინ პირინგერმა შეცვალა.
რაც შეეხება მატჩის მიმდინარეობას, 50-ე წუთზე „ვერდერმა“ ანგარიში გახსნა - რომანო შმიდის პასით მარკო გრიულმა ისარგებლა, 67-ე წუთზე კი სტეფან შიმერმა წონასწორობა აღადგინა. უკვე ორ წუთში იენს სტაგემ „ვერდერი“ ისევ დააწინაურა, მაგრამ 83-ე წუთზე იონას ფიორენბახმა ანგარიში გაათანაბრა.
ბუდუ ზივზივაძემ Sofascore-ისგან 6,6-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 დარტყმა, 2 დარტყმა კარში, 32 შეხეა ბურთთან, 4-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 17-დან 14 ზუსტი პასი (82%), 4-დან 3 ზუსტი გრძელი პასი (75%). ბუდუმ 7-დან 5 ორთაბრძოლა მოიგო და 9-ჯერ დაკარგა ბურთი.
ზივზივაძის გამორჩეული მომენტები
7 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ 4 ქულა აქვს - ბუდუს გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ჰაიდენჰაიმი“ 25 ოქტომბერს სტუმრად „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ გამართავს.