ჯგუფის მოგება? ამას ვინ არ ინატრებდა? - მონტელა საქართველოსთან გამარჯვების შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში თურქეთმა შინ საქართველო 4:1 დაამარცხა. გოლები ქენან ილდიზის, მერიჰ დემირალისა (2) და იუნუს აქგიუნის ანგარიშზეა. აღნიშნული 4 გოლის შემდეგ ერთადერთი საპასუხო გოლი 64-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ თურქთა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენცია გამართა.
ვინჩენცო მონტელა: „ძალიან კმაყოფილი ვარ, მოვიგეთ, მეამაყება ჩემი გუნდი. მატჩი ძალიან კარგად დავიწყეთ, აგრესიულად ვთამაშობდით და მოწინააღმდეგეს სივრცეს არ ვუტოვებდით. მეორე ტაიმში ჩემი გუნდი ნაკლებად მომეწონა. უფრო მაგრად უნდა „მივწოლოდით''. მეორე ტაიმის შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა, მაგრამ მთლიანობაში, გამარჯვება მნიშვნელოვანია.
ერთი ქულაც კი გვახარებს ახლა, როცა ფლეი-ოფისკენ მივდივართ. თავდაჯერებულად გავაგრძელებთ ჩვენს გზას.
ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გავიტანეთ ამ ორ შეხვედრაში საქართველოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გაშვებული გოლები მაწუხებს, ძალიან კარგად გამოვიყურებოდით და ამ ორ მატჩში საქართველოსთან 6 ქულა ავიღეთ. ჩვენმა ფეხბურთელებმა არაჩვეულებრივად ითამაშეს.
ვინ არ ინატრებდა ესპანეთში სტუმრად გამარჯვებას და მუნდიალზე გასვლას?
რა თქმა უნდა, ჯგუფის ლიდერობაზე ვფიქრობთ, მაგრამ ახლა ჯგუფი ესპანეთის ხელშია''.
4 ტურის შემდეგ ესპანეთი 12 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 9 ქულაა, საქართველომ 3 ქულა მოიპოვა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია.