ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა | სანიოლი თურქეთთან მარცხის შემდეგ
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-4 ტურში თურქეთმა შინ საქართველო 4:1 დაამარცხა. გოლები ქენან ილდიზის, მერიჰ დემირალისა (2) და იუნუს აქგიუნის ანგარიშზეა. აღნიშნული 4 გოლის შემდეგ ერთადერთი საპასუხო გოლი 64-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
ვილი სანიოლი: „ევრო 2024-ის შემდეგ ფეხბურთელებს ვესაუბრე და მათ ვუთხარი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მომავალში წავაწყდებოდით, ევროპის ჩემპიონატის დავიწყება იქნებოდა. მას შემდეგ არამარტო ფეხბურთელები, არამედ ყველა ჩვენგანი კომფორტის ზონაში ვართ და აქედან ვერ გამოვდივართ, აქედან გამოსვლა გვიჭირს. როცა ასეთ ვითარებაში ხარ, საუკეთესო გამოსავალი რეალობასთან პირისპირ დადგომაა, რეალობასთან თვალის გასწორებაა. გულწრფელობაში ვგულისხმობ, თუ ვინ ვართ როგორც გუნდი.
გასულ წლებში საბრძოლო სულისკვეთება გვქონდა. პირველიდან ბოლო წუთამდე ისე ვთამაშობდით, თითქოს ეს ცხოვრების ბოლო თამაში იყო. ვფიქრობ, ბოლო ათ თვეში ეს ყველაფერი დაგვავიწყდა. თუ გვინდა რომ სამომავლოდ საკვალიფიკაციო ეტაპებზე წარმატებას მივაღწიოთ, უნდა დავბრუნდეთ იმ პოზიციაში, როცა ბევრს ვიბრძოდით. ეს არის ის, რაც ჩვენ დაგვავიწყდა. თუ ამას გავიხსენებთ, ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.
ვფიქრობ, ამ მომენტში ჩვენი დონე არ არის ისეთი, როგორსაც ვფიქრობთ, რომ არის. ეს დონე ჯერ საკმარისი არაა, უნდა ვიმუშავოთ. მეორე მხრივ, დღეს ფანტასტიკური ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ. რაღაცების მიღება არასდროსაა მარტივი, რადგან ყველას გვაქვს სიამაყე და ეგო, მაგრამ უნდა მივიღოთ ის, რომ თურქეთი ახლა სხვა დონეზეა. ეს არ ეხება კონკრეტულად ტაქტიკურობას, აგრესიას ან ტექნიკას, საერთო ჯამში თურქეთი უფრო მაღალი დონის ნაკრებია.
ყველა გუნდის წინააღმდეგ გუნდურად წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები გყავდეს, მაგრამ ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეები შესაძლოა სხვა გუნდსაც არანაკლები ან უფრო მეტი რაოდენობის ჰყავდეს. ამიტომ, სიძლიერე ერთად უნდა ვაჩვენოთ. ეს აუცილებლად უნდა აისახოს მომავალში''.
4 ტურის შემდეგ ესპანეთი 12 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 9 ქულაა, საქართველომ 3 ქულა მოიპოვა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია.