ვილი სანიოლი
Aa
Aa

ესპანეთთან ამ შედეგით იღბლიანები ვართ | სანიოლი თურქეთთან სხვა თამაშს ელის

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ელჩეში საქართველოს დამაჯერებლად 2:0 მოუგო. „ფურია რუხა’’ მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

სანიოლი: „სათქმელი ბევრი არაფერია, ესპანეთი სხვა პლანეტიდანაა. ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი გავიღოთ, მაგრამ უშანსო ხარ, როცა ესპანეთი ასეთ დონეზე თამაშობს. უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი სრულიად განსხვავებულ, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ. გულწრფელად რომ გითხრათ, რაიმე პოზიტივზე საუბარი გამიჭირდა. ალბათ, იღბლიანები ვართ იმ შედეგით, რაც დაფიქსირდა, თუმცა ის თამაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც სამშაბათს გველოდება. ამ ჯგუფში თურქეთთან მატჩი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთელებთან საუბარი მექნება, მათგან უკეთესს განწყობას და მეტ აგრესიას ველოდები. ზოგადად პოზიტიური ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ სამ დღეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, განსაკუთრებით ხარისხის მიმართულებით.

თანამედროვე ფეხბურთში დრო არასდროსაა საკმარისი, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ უახლოესი სამი დღე ძალების სრულად აღდგენისთვის გამოვიყენოთ. მსურს ჩემმა გუნდმა სხვა განწყობით ითამაშოს. ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ თურქეთისკენ მაქსიმალურად კომფორტულად ვიმგზავროთ. დარწმუნებული ვარ, გუნდი თურქეთთან სხვა განწყობით ითამაშებს.

დღეს ესპანეთს ექვსი თუ შვიდი მოთამაშე აკლდა, მაგრამ არანაირი განსხვავება არ შეგვიმჩნევია! ამ ეტაპზე პორტუგალია და ესპანეთი ის გუნდები არიან, რომელთაც სხვა ქვეყნებმა უნდა მიბაძონ''.

საქართველოსთან მატჩში „ფურია როხას’’ 9 ფეხბურთელი ვერ დაეხმარა: როდრი, ნიკო უილიამსი, გავი, ლამინ იამალი, ფაბიან რუიზი, დანი კარვახალი, ფერმინ ლოპესი, დინ ჰუისენი და დანი ოლმო.

ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტმა თურქეთის ნაკრებმა შინ ბულგარეთს 6:1 მოუგო. 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 6 ქულაა, საქართველოს ანგარიშზე 3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია. მე-4 ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება, ბულგარეთი - ესპანეთს. ორივე მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები