ესპანეთის მასტერკლასი | საქართველოს უშანსო მარცხი ელჩეში
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ესპანეთმა ელჩეში საქართველოს დამაჯერებლად 2:0 მოუგო. „ფურია რუხა’’ მთელი მატჩის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა, გოლის გატანის არაერთი რეალური შანსი შექმნა, სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
საქართველოსთან მატჩში „ფურია როხას’’ 9 ფეხბურთელი ვერ დაეხმარა: როდრი, ნიკო უილიამსი, გავი, ლამინ იამალი, ფაბიან რუიზი, დანი კარვახალი, ფერმინ ლოპესი, დინ ჰუისენი და დანი ოლმო. საქართველოს ნაკრების დანაკლისი ლუკა ლოჩოშვილით შემოიფარგლება, ლუკა დისკვალიფიცირებული იყო.
24-ე წუთზე პედრის ბრწყინვალე პასს ლე ნორმანის გადაცემა და იერემი პინოს გოლი მოჰყვა. უნდა აღინიშნოს, რომ გოლი იმ კუთხურს მოჰყვა, რომელიც რეალურად არ უნდა დანიშნულიყო, მსაჯი ამ მომენტში შეცდა, თუმცა გოლის მომენტში საქართველოს ნაკრების დაცვა ჩავარდა, ესეც ფაქტია.
ხუთ წუთში პედრიმ კიდევ ერთხელ გაამწვავა შეტევა, მამარდაშვილმა ფერან ტორესის დარტყმული პენალტი მოიგერია. პედრის პასის მომენტში ლაშა დვალი შეცდა, ბურთი ვერ მოიგერია, რის შემდეგაც ფერან ტორესი მამარდაშვილმა თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა. პენალტი მამარდამ მოიგერია, „ლივერპულის'' მეკარემ ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა.
რომ არა გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე რეაქციები, ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. და ასევე უნდა ითქვას ოთარ კიტეიშვილზე, რომელმაც მეორე ტაიმის დასაწყისში ახლო მანძილიდან ოიარსაბალის დარტყმა დაბლოკა, თუმცა ოიარსაბალმა მაინც გაიტანა, 64-ე წუთზე ტყვიასავით გაისროლა.
ვილი სანიოლის გუნდს შეტევაში სრულიად არაფერი გამოუვიდა, ფეხბურთს მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს. მაგალითად, საქართველოს ნაკრებმა კარის მიმართულებით პირველად 78-ე წუთზე დაარტყა, როცა გიორგი გოჩოლეიშვილი საკუთარი ნახევრიდან გატანას ცდილობდა.
ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტმა თურქეთის ნაკრებმა შინ ბულგარეთს 6:1 მოუგო. 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 6 ქულაა, საქართველოს ანგარიშზე 3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია. მე-4 ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება, ბულგარეთი - ესპანეთს. ორივე მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.