სეზონში პირველად: გოგლიჩიძე უდინეზეს სასტარტოშია
იტალიის სერია A-ს მე-6 ტურში „უდინეზე'' შინ „კალიარის'' მიიღებს. მიმდინარე სეზონში პირველად „უდინეზეს'' მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა საბა გოგლიჩიძე სასტარტო 11-ეულში გაამწესა.
მეორე ტურში „ინტერთან'' შესანიშნავი თამაშის მიუხედავად რუნიაიჩი საბას არ ენდობოდა, „კალიარისთან'' შეხვედრამდე გოგლიჩიძემ მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა (სერია A-ს ორ და იტალიის თასის ერთ შეხვედრაში) და მინდორზე საერთო ჯამში მხოლოდ 74 წუთი გაატარა.
მე-4 ტურში „მილანთან'' მარცხის შემდეგ რუნიაიჩმა გოგლიჩიძის შესახებ თქვა: „გოგლიჩიძემ სერია A-ში თამაშის გამოცდილება მიიღო. გასულ სეზონში ის „ემპოლიში'' თამაშობდა, მაგრამ ასევე ისიც აღსანიშნავია, რომ იმავე „ემპოლისთან'' ერთად გავარდა. ჩვენ საბას გასაზრდელად დროს ვაძლევთ''.
საბას „უდინეზეს'' ბოლო სამ მატჩში არ უთამაშია, რუნიაიჩმა „მილანთან'' და „სასუოლოსთან'' სათადარიგოთა სკამზე დატოვა, ისევე როგორც იტალიის თასზე - „პალერმოსთან''.
„უდინეზე'' - „კალიარის'' მატჩი დღეს, 14 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.