„ფეხბურთელები დასვენებას ვეღარ ასწრებენ“ - კლოპი ფიფას აკრიტიკებს
„დორტმუნდისა“ და „ლივერპულის“ ყოფილმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გადატვირთულ საფეხბურთო კალენდარზე ისაუბრა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი გააკრიტიკა.
„ვიცი, რა შეუძლიათ ფეხბურთელებს და როგორი ინტენსიური შეიძლება იყოს ვარჯიშები. ჩვენ ყოველთვის მეტს ვითხოვთ. ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი შესანიშნავი იყო, მაგრამ მე არც ერთი მატჩი არ მინახავს. „ჩელსი“ გამარჯვებით ძალიან კმაყოფილია, მათ დიდი საპრიზო თანხა მიიღეს.
თუმცა უნდა ვიფიქროთ იმათზე, ვის გარეშეც ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა - ფეხბურთელებზე. ამ პრობლემის მოგვარების მხოლოდ ერთი გზა არსებობს: საზაფხულო არდადეგების დროს ახალი ტურნირების ჩატარება უნდა შეწყდეს. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დასვენებას ვეღარ ასწრებენ. არც ერთ სხვა სფეროში ასეთი რამ არ მოხდებოდა.
წარმოიდგინეთ, რომ საუკეთესო შემსრულებელს ყოველდღე აიძულებთ კონცერტის გამართვას, ვიდრე ის არ დაეცემა, და შემდეგ ამბობთ - „მან კონცენტრაცია დაკარგა“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა. ტურნირი აშშ-ში გაიმართა და მასში 6-ის ნაცვლად 32 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში „ჩელსიმ“ „პარი სენ-ჟერმენი“ 3:0 დაამარცხა.