ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა - კიტეიშვილი შტურმს დაუბრუნდა
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმს“ დაუბრუნდა და ევროპა ლიგაზე, „რეინჯერსთან“ გასამართი მატჩისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.
ავსტრიული მედიის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა დღეს ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა, ხვალიდან კი გუნდს შეუერთდება და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით დაიწყებს მზადებას.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი გასულ კვირას გუნდს პირადი მიზეზის გამო დაეთხოვა. სამწუხაროდ, ქართველ ფეხბურთელს მამა გარდაეცვალა, რის გამოც სასწრაფოდ საქართველოში გახდა ჩამოსასვლელი. კიტეიშვილმა „შტურმის“ ორი მატჩი გამოტოვა - სამშაბათს, ევროპა ლიგაზე „მიდტიულანდისა“ და კვირას ავსტრიის ბუნდესლიგაში „ჰარტბერგის“ წინააღმდეგ.
29 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში გრაცელთა შემადგენლობაში 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მისი გუნდი 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა პირველადგილოსან „რაპიდთან“ შედარებით, რომელსაც 17 ქულა აქვს, ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.
ცნობისთვის, ევროპა ლიგაზე „შტურმისა“ და „რეინჯერსის“ დაპირისპირება 2 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე გაიმართება.