„ფეხით თამაში? არ მესმის, რატომ ითხოვენ ამას მეკარეებისგან“ - დონარუმა
„მანჩესტერ სიტისა“ და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ ითხოვენ თანამედროვე ფეხბურთი მეკარეებისგან ფეხით კარგად თამაშს.
„თანამედროვე ფეხბურთში მეკარისგან ფეხით კარგ თამაშს ითხოვენ, ეს 3 მთავარ მოთხოვნებს შორისაა, მაგრამ არ ვიცი, რატომ. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მეკარემ დარტყმები მოიგერიოს. რა თქმა უნდა, თუ ფეხით კარგად თამაშობ, გუნდს ეხმარები და ამით უფრო მეტი სარგებელი მოგაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, მეკარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი დარტყმების მოგერიებაა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ პეპ გუარდიოლამ თავის გუნდში მიმიწვია. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ პეპმა ფეხბურთის ისტორიაში თავისი კვალი დატოვა. მასთან მუშაობა ყველა უნარის გაუმჯობესებაში დამეხმარება. პირველივე ვარჯიშიდან ვცდილობ, ყურადღებით მოვუსმინო და მისი ყველა მოთხოვნა შევასრულო“, - განაცხადა დონარუმამ L'Equipe-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში დონარუმამ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში კი 26 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ „სიტის“ შეუერთდა.
„ქალაქელების“ მაისურით დონარუმამ უკვე 3 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორში კარი მშრალად შეინახა („ნაპოლი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“), არსენალთან კი ერთი გოლი გაუშვა (1:1).