პეპ გუარდიოლა, მიკელ არტეტა
Aa
Aa

გუარდიოლას ანტირეკორდი - არტეტა ქულამ არ დააკმაყოფილა

ინგლისის პრემიერლიგის V ტურის ცენტრალური შეხვედრა „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის, რომელსაც „ემირეით სთედიუმმა„ უმასპინძლა, ფრედ 1:1 დასრულდა. „ქალაქელები“ ერლინგ ჰოლანდის მიერ მე-9 წუთზე გატანილი ბურთით თითქმის მთელი მატჩი იგებდნენ, თუმცა ლონდონელები მარცხისგან არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში გაბრიელ მარტინელიმ იხსნა.

დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად, მასპინძლები სტუმრებს თამაშის ხარისხით აშკარად სჯობდნენ, რაზეც „სიტის“ მხოლოდ 33-პროცენტიანი ბურთის ფლობაც მეტყველებს. ამ მაჩვენებლით პეპ გუარდიოლამ კარიერის ანტირეკორდი დაამყარა - აქამდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი მის გაწვრთნილ გუნდს 37 პროცენტი ჰქონდა და ამ შემთხვევასაც „არსენალთან“ მატჩში, 2023 წლის მარტში ჰქონდა ადგილი. რაც შეეხება მიკელ არტეტას, ის გახდა პირველი სპეციალისტი, რომელმაც გუარდიოლასთან ზედიზედ 5 მატჩი არ წააგო. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ორივე მწვრთნელის მიერ გაკეთებული კომენტარი საინტერესო გამოდგა.

მიკელ არტეტა

ქულა ეს მინიმუმია იქიდან გამომდინარე, რაც ამ მატჩში დავიმსახურეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით იმის გამო თუ როგორ ვითამაშეთ და როგორ ვდომინირებდით მთელი შეხვედრის განმავლობაში. „მანჩესტერ სიტიმ“ ერთი მომენტი კუთხურის, ერთი კონტრშეტევის და ერთიც ჩვენი შეცდომის შემდეგ შექმნა - სულ ეს იყო. გასულ სეზონში „ქალაქელები“ დავამარცხეთ, ახლა ვერა, მაგრამ გაცილებით კარგად ვითამაშეთ.

პეპ გუარდიოლა

რთული კვირა განვლეთ - ჯერ მანჩესტერული დერბი, შემდეგ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგაში შეხვედრა და ახლა დაპირისპირება უძლიერეს „არსენალთან“. აქედან გამომდინარე ქედს ვიხრი ჩემი ფეხბურთელების გამძლეობის წინაშე. რთულია თამაში, როდესაც მაღალი პრესინგი არაეფექტიანია და ასეთ დროს შეტევების დაწყებაც იოლი არ გახლავთ. გვქონდა ხარისხიანი კონტრიერიშები, მაგრამ „მეთოფეები“ უკეთესები იყვნენ და სამართლიანი შედეგი დაფიქსირდა. ჩემი გუნდის მოთამაშეები ძალიან დაღლილები არიან - „ნაპოლისთან“ საოცრად ემოციური მატჩის შემდეგ, ლონდონში ჩამოსვლაში 4-5 საათი დავხარჯეთ. ხუთი მცველით ხშირად აღარ ვითამაშებთ, უბრალოდ დღეს ასე იყო საჭირო.

ხუთ ტურში დაგროვებული 10 ქულით „არსენალი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ 5 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „მანჩესტერ სიტის“ მათ ხუთ ტურში მხოლოდ 7 ქულა აიღეს და ასეთი მძიმე სტარტი „ქალაქელებს“ 2006 წლის შემდეგ არ ჰქონიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როტაცია იქნება“ - მამარდაშვილის დებიუტი ლიგის თასზე შედგება?
„როტაცია იქნება“ - მამარდაშვილის დებიუტი ლიგის თასზე შედგება?