ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

გამარჯვება 94-ე წუთზე | იეგოიანი თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-6 ტურში „ვოლენდამი’’ შინ „ექსელსიორთან’’ 1:2 დამარცხდა. „ექსელსიორის'' სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი იეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა, დაცვასა და შეტევაში ბევრი იშრომა, გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა ახლო მანძილიდან დარტყმული მეკარემ მოიგერია.

მე-10 წუთზე ირაკლი იეგოიანმა ე.წ. „პრე-ასისტი’’ შეასრულა, მისი პასის შემდეგ შეტევა დე რეგტმა განავითარა და ვლოდარჩუკმა გოლით დაასრულა. 45-ე წუთზე „ვოლენდამმა’’ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე ლუის სხაუტენმა გამარჯვების გოლი შეაგდო.

Sofascore-მა „ექსელსიორში'' იეგოიანზე მაღალი შეფასება მხოლოდ გოლების ავტორებმა მიიღეს. საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ნახევარმცველს 7,2 დაუწერეს.

84-ე წუთზე იეგოიანის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, რის გამოც არბიტრმა მეტოქის ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ექსელსიორმა’’ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, 6 ქულა დააგროვა, 18-გუნდიან ლიგაში მე-13 ადგილზეა. მომდევნო ტურში „ექსელსიორი’’ პსვ-ს მიიღებს, მატჩი 27 სექტემბერს გაიმართება.

21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ნიდერლანდების უმაღლეს ლიგაში ზედიზედ მე-4 მატჩი ჩაატარა, სადებიუტო შეხვედრაში 71-ე წუთზე შეცვალეს, ბოლო სამ მატჩში კი სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები