„ჩემი მიზანი ეს არის“ - მერაბი სენდჰეგენთან განსხვავებულ ბრძოლას აანონსებს
მერაბ დვალიშვილმა მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა, სადაც მისი მოწინააღმდეგე კორი სენდჰეგენი იქნება. UFC-ის ქართველი მოქმედი ჩემპიონი, აპირებს, საკუთარი თავი სხვანაირად წარმოაჩინოს და მეტოქე ნოკაუტით დაამარცხოს.
„ნოკაუტზე ვარ ორიენტირებული, რადგან დარტყმის ტექნიკაზე ვმუშაობ. ვფიქრობ, ეს ბრძოლა ძირითადად ფეხზე დგომში წარიმართება და, რა თქმა უნდა, მასთან დარტყმებს გავცვლი – ეს არის ჩემი მიზანი. მაგრამ ამავე დროს, ეს MMA-ია. ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ასე რომ, ვერაფერი გამაკვირვებს“.
მიუხედავად იმისა, რომ დვალიშვილი ბრძოლაში აშკარა ფავორიტია, მას ესმის სენდჰეგენის მხრიდან მომდინარე საფრთხეები.
„ვიცი, ბევრს ჰგონია, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის იოლი იქნება. მაგრამ ეს ნამდვილად არ არის ასე, რადგან ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. კორი სენდჰეგენი საშიში მეტოქეა. მას უდიდეს პატივს ვცემ, როგორც მებრძოლს და როგორც პიროვნებას. ყოველ ჯერზე, როდესაც მის სანახაობრივ გამარჯვებას ვუყურებ ფრენკი ედგარის წინააღმდეგ, ეს შთამბეჭდავია. მას ჰქონდა ბრწყინვალე გამარჯვება ბაუტისტაზე, რის შემდეგაც ის ჩვენს დივიზიონში შემდეგ პრეტენდენტად იქცა.
მას დომინირება ჰქონდა ჩიტო ვერაზე, შეაჩერა სონგ იადონგი, შესანიშნავი ბრძოლები გამართა პიოტრთან და უმარის წინააღმდეგ. კორი სენდჰეგენი ძალიან საშიში მეტოქეა, მისი შეჩერება რთულია. მას შეუძლია საბმიშენი, ნოკაუტი, მას აქვს კარგი გამძლეობა, თავდაცვა თეიქდაუნებისგან, ფეხის შესანიშნავი მუშაობა. ეს იქნება მაგარი ბრძოლა, მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას. არ ვფიქრობ, რომ იოლი მეტოქე ან იოლი ორთაბრძოლა მაქვს. ეს იქნება კარგი ბრძოლა და მაყურებელს მოეწონება“,
– შეაჯამა ჩემპიონმა MMA Junkie-სთან საუბრისას.
მსუბუქ წონაში სატიტულო ბრძოლა დვალიშვილსა და სენდჰეგენს შორის UFC 320-ზე, 4 ოქტომბერს ლას-ვეგასში გაიმართება.