„ლა ლიგაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი“ - მიქაუტაძის პირველი პრესკონფერენცია ვილიარეალში
„ვილიარეალმა“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში დამატებული ფეხბურთელების პრეზენტაცია გამართა. ახალწვეულებს შორის იყო საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეც, რომელმაც პრეზენტაციის ფარგლებში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„მადლობა ყველას, ვინც „ვილიარეალის“ მხრიდან ჩემი ტრანსფერის განხორციელებაში შეიტანა წვლილი. „ვილიარეალმა“ ჩემ სანაცვლოდ რეკორდული თანხა გადაიხადა, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ მიყვარს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და მინდა, ეს ნდობა გავამართლო. მოუთმენლად ველოდები მატჩებს - ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო და არც ეს სეზონი იქნება გამონაკლისი.
კარგად ვიცი, რა ძლიერი თავდამსხმელები ჰყავდა „ვილიარეალს“ წარსულში, მათ შორის ბოლო წლებში. აქ გადმოსვლამდე რობერ პირესს ვესაუბრე. მან ძალიან დადებითად დაახასიათა კლუბი და მითხრა, რომ „ვილიარეალი“ ერთი დიდი ოჯახია.
ვფიქრობ, ჩემი საფეხბურთო თვისებები ესპანურ ფეხბურთში გამომადგება. ბავშვობიდან ვადევნებდი თვალს ესპანეთის ჩემპიონატს და ვოცნებობდი, ოდესმე აქ მეთამაშა. იმის გათვალისწინებით, თუ როგორი შემადგენლობა გვყავს ამ სეზონში, ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება.
მწვრთნელს უკვე ვესაუბრე, მაგრამ კიდევ გვექნება შესაძლებლობა, უფრო დეტალურად და კონკრეტულად ვისაუბროთ მის გეგმებზე და იდეებზე. რაც შეეხება თანაგუნდელებს, ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებებში იყო გამოძახებული და ისინი მხოლოდ დღეს დაბრუნდებიან. როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ მზად ვარ.
ლა ლიგაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. აქ თამაშობდა მამარდაშვილი და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ესპანურ კლუბებში კიდევ არაერთი ქართველი ფეხბურთელი მოხვდება“.
ცნობისთვის, „ატლეტიკო“-„ვილიარეალის“ მატჩი შაბათს, 13 სექტემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
აქვე გეტყვით, რომ „ლიონის“ განცხადებით, გარიგების ღირებულება 31 მილიონი ევროა, კიდევ 5 მილიონი კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. მიქაუტაძის კონტრაქტი 2031 წლამდეა გათვლილი.