ნიუკასლი, ვახტანგ სალია, ნიკ ვოლტემადე
Aa
Aa

„შეუძლია, ვოლტემადეს აჯობოს“ – FootballFanCast ვახო სალიაზე

ბრიტანული ონლაინგამოცემა FootballFanCast „ნიუკასლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ვახტანგ სალიაზე წერს, რომელიც კლუბს მიმდინარე წლის აგვისტოში შეუერთდა და პირველ ეტაპზე „კაჭკაჭების“ 21-წლამდელებში იასპარეზებს.

„ნიუკასლის“ აქტიურობამ სატრანსფერო ბაზარზე აჩვენა, როგორია კლუბის ახალი მფლობელების ხედვა და რამხელა ინვესტიციების ჩადებას აპირებენ ისინი გუნდის მშენებლობაში. კლუბს ფორვარდის შეძენა სურდა, თუმცა „სენტ ჯეიმს პარკზე“ ვერც ლიამ დელაპის, ვერც უგო ეკიტიკეს და ვერც ბენჯამინ შეშკოს გადაბირება მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სატრანსფერო დედლაინის დღეს „კაჭკაჭებმა“ მიზანს მიაღწიეს და 69 მილიონ გირვანქა სტერლინგად გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ნიკ ვოლტემადე დაიმატეს.

23 წლის გერმანელ ფორვარდში, რომლის სიმაღლეც 198 სანტიმეტრია, ნისლიან ალბიონზე კლასიკურ „ცხრიანს“ ხედავენ, თუმცა ამავდროულად ის საკმაოდ ტექნიკურია, ხოლო გასულ სეზონში გატანილი 12 გოლი მის ბომბარდირულ თვისებებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვოლტემადეს დამატებით მიუნხენის „ბაიერნი“ იყო დაინტერესებული, თუმცა „რეკორდმაისტერი“ და „შტუტგარტი“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ, ედი ჰოუმ კი ვოლტემადე დაარწმუნდა, რომ მის კარიერაში მომდევნო ნაბიჯისთვის საუკეთესო არჩევანს სწორედ „ნიუკასლი“ წარმოადგენს.

„ამავდროულად, „კაჭკაჭებმა“ პერსპექტივაზეც იზრუნეს და გაიფორმეს 18 წლის ვახტანგ სალია, რომელიც მომდევნო სეზონს 21-წლამდე გუნდში გაატარებს. მიუხედავად მისი არც თუ ისე შთამბეჭდავი სტატისტიკისა (8 გოლი და 4 ასისტი 57 მატჩში), სალიას „რეალი“, „ბარსელონა“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ბაიერნი“ აკვირდებოდნენ, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ და „არსენალი“ ტრანსფერზე მუშაობდნენ, თუმცა მათ „ნიუკასლმა“ აჯობა და ქართველ შემტევთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

800 000 ევროდ „ნიუკასლმა“ დაიმატა ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია, ნამდვილი სუპერვარსკვლავი გახდეს. კლუბი დააკვირდება მის განვითარებას და თუ ყველაზე სწორად წარიმართა, სალიას შეუძლია, ვოლტემადესაც აჯობოს“, - წერს გამოცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა
„ეს ამიტომ მოხდა“ - საზონოვის მამამ ხეტაფეში ჩაშლილი ტრანსფერის მიზეზი გაამხილა