„ამაზე გიჟური თამაში არასდროს მინახავს“ | იტალიამ 9-გოლიანი თრილერი მოიგო
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა ისრაელის წინააღმდეგ გამართა. მატჩს დებრეცენის „ნაგიერდეი სტადიონმა“ უმასპინძლა და გულშემატკივრებმა 9-გოლიანი თრილერი იხილეს.
ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, როცა მანუელ ლოკატელიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. „სკუადრა აძურამ“ მე-40 წუთზე მოიზე კინის გოლით გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.
52-ე წუთზე ისრაელი დორ პერეცმა დააწინაურა. 54-ე, 58-ე და 81-ე წუთზე კინის, მატეო პოლიტანოსა და ჯაკომო რასპადორის გოლებით იტალია 4:2 გავიდა წინ. 87-ე წუთზე ალესანდრო ბასტონიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, ორ წუთში კი პერეცმა დუბლი გაიფორმა - 4:4. ისრაელმა ქულა მაინც ვერ აიღო და სანდრო ტონალიმ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 5:4.
„მწვრთნელის რანგში, ამაზე გიჟური თამაშის მონაწილე არასდროს ვყოფილვარ, თუმცა პრობლემა მე მიკავშირდება და არა ფეხბურთელებს. თუ კონკრეტულ სტილში თამაში გვინდა, უკეთესი შთაბეჭდილება უნდა დავტოვოთ. მთელი მატჩის განმავლობაში შეტევაში არანორმალურად მივდიოდით. ისრაელი სწორედ ამას ელოდებოდა და კონტრშეტევებზე გადმოდიოდა.
სულელური გოლები მივიღეთ, რომლებიც მეტოქეს მარტივად გავატანინეთ. ბიჭებმაც იციან, რომ ასეა, მაგრამ ეს ჩემი პასუხისმგებლობაა და არა მათი. ისინი საქებარ სიტყვებს იმსახურებენ, რადგან ყოველ დარტყმაზე სათანადო რეაქცია ჰქონდათ, თუმცა ფაქტია, რომ არ უნდა გავუშვათ ისეთი გოლები, როგორებიც დღეს ისრაელმა გაგვიტანა. იტალიის ნაკრები არის გუნდი, რომელსაც სოლიდურობა და სიმტკიცე არ უნდა აკლდეს“, - განაცხადა მატჩის შემდეგ „სკუადრა აძურას“ თავკაცმა, ჯენარო გატუზომ.
ცნობისთვის, იტალიას 4 შეხვედრა აქვს გამართული და 9 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. გატუზოს გუნდი ნორვეგიას ჩამორჩება, რომელმაც 4-დან 4 თამაში მოიგო. „სკუადრა აძურა“ მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს.