დონჩიჩმა პოცეკო შეიწირა - იტალიის მწვრთნელი გადადგა
ლატვიაში მიმდინარე ევრობასკეტის ერთ-ერთი მერვედფინალი ერთი ადამიანის შოუდ გადაიქცა, რაც მეორეს თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა. შოუ სლოვენიელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა დადგა - მისმა თანამემამულეებმა იტალიის ნაკრები 84:77 დაამარცხეს, ხოლო გუნდის დაგროვებული ქულათა ნახევარი (42) სწორედ „ლეიკერსის“ ვარსკვლავზე მოდის. გარდა 42 ქულისა, ლუკას ანგარიშზე 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დონჩიჩმა პირადად მოუგო იტალიელებს, რის შემდეგაც მათმა დამრიგებელმა ჯანმარკო პოცეკომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა. ამ უკანასკნელმა იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ჯოვანი პეტრუჩის თავის დროზე გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი შემცვლელი გუნდს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებზე აიყვანს.
ცნობისათვის, ჯანმარკო პოცეკომ იტალიის ნაკრები სამი წლის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა როგორც ევროპის 2022, ასევე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.