„0:5 უნდა წაგვეგო, მომწყინდა ნაგელსმანის ექსპერიმენტები“ - მათეუსის კრიტიკა ნაკრებს
გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საშინლად დაიწყო - იულიან ნაგელსმანის შეგირდები ბრატისლავაში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდთან 0:2 დამარცხდნენ, რაც ბუნებრივია სენსაციური შედეგი გამოდგა. სამარცხვინო მარცხის შემდეგ, ბუნდესნაკრები როგორც მოსალოდნელი იყო, სასტიკად გააკრიტიკეს და ერთ-ერთი მათგანი ლოთარ მათეუსი გახლდათ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ყოველთვის შეიძლება დამარცხდე 0:2, მაგრამ გააჩნია როგორ და რის გამო აგებ. წაგებაზე უფრო მეტად სავალალო ჩემთვის სათამაშო მანერა იყო. 0:2 პირადად ჩემთვის მშვენიერი ანგარიშია, რადგან თავისუფლად შეიძლებოდა 0:5 წაგვეგო. როდესაც ორბურთიანი სხვაობით მარცხდები და შენ გუნდში საუკეთესო მეკარეა, ამით ყველაფერია ნათქვამი. მე პირადად მომწყინდა ნაგელსმანის ტაქტიკური ექსპერიმენტები და მან სასწრაფოდ რაიმე უნდა მოიფიქროს“.
გულშემატკივრების თვალში შელახული პრესტიჟის აღდგენას გერმანიის ნაკრები კვირას, 7 სექტემბერს შეეცდება, როდესაც შესარჩევი ციკლის მეორე ტურში ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.