კრიშტიანუ ორჯერ ახსენა - პედრის იდეალური ფეხბურთელი
„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების 22 წლის ნახევარდაცვის ლიდერი პედრი მედიის წარმომადგენლებთან იშვიათად ჩნდება, თუმცა როდესაც ამა თუ იმ გადაცემაში სტუმრობას თანხმდება, მისი საუბარი ყოველთვის საინტერესო გამოდის. გამონაკლისი ამჯერადაც არ მომხდარა და როდესაც პედრის სთხოვეს, სხვადასხვა კომპონენტებში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები დაესახელებინა, მისგან ასეთი პასუხები მოისმინეს:
„მარჯვენა ფეხით საუკეთესოდ ნეიმარი ურტყამს, რაც შეეხება მარცხენას, აქ პასუხის გაცემა ყველაზე მარტივია და შეცდომა გამოირიცხება, თუ ლეო მესის დავასახელებ. პასის გამორჩეული კულტურა ჩავი ერნანდესს ჰქონდა, კრიშტიანუ რონალდუ როგორც დარტყმების სიძლიერით, ასევე მეორე სართულზე ასპარეზობით საუკეთესოა. სისწრაფეში ნიკო უილიამსს, ხოლო დაცვაში კარლეს პუიოლს გამოვარჩევდი. დრიბლინგში რადგანაც ნეიმარი უკვე ვახსენე, არჩევანს ლამინ იამალის სასარგებლოდ გავაკეთებ. რაც შეეხება საფეხბურთო ინტელექტს, ანდრეს ინიესტა უკონკურენტო გახლდათ“.
ცნობისათვის, პედრი „ბარსელონას“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს და მას შემდეგ ყველა ტურნირზე გამართულ 203 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად კი, როგორც ლა ლიგა, ასევე კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი ორჯერ მოიგო.