ლუის ენრიკე, ვენსან კომპანი
Aa
Aa

ბრძოლა სასტუმროსთვის | ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენი Infinity Hotel-ში არ შეუშვა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ მეტოქე „ბაიერნია“. პარიზელებმა პირველი შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ 5:4 მოიგეს და საპასუხო მატჩი 6 მაისს „ალიანც არენაზე“ გაიმართება. თამაში თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მინდორზე გასვლამდე გუნდებმა პირველი „დუელი“ უკვე გამართეს. BILD-ისა და L’Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგებს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდათ, Infinity Hotel-ში დაბინავებულიყვნენ. შარშან ჩემპიონთა ლიგის ფინალი მიუნხენში, „ალიანც არენაზე“ გაიმართა და მატჩამდე ლუის ენრიკეს გუნდი სწორედ Infinity Hotel-ში ცხოვრობდა.

„პარი სენ-ჟერმენს“ წარმატებული ტრადიციის დარღვევა არ სურდა და ცრურწმენის გამო გადაწყვიტა, იმავე სასტუმროში დარჩენილიყო. პრობლემა ისაა, რომ საშინაო მატჩებისას „ბაიერნი“ სწორედ Infinity Hotel-თან თანამშრომლობს. ეს სასტუმრო „ალიანც არენასთან“ 15 წუთის სავალზე მდებარეობს და სტადიონზე მისასვლელად იდეალური ადგილია.

„რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, და კლუბის სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა, კატეგორიული უარი თქვეს Infinity Hotel-ში პსჟ-ის შეშვებაზე. „ეს საშინაო თამაშია! ეს ჩვენი ქალაქია! Infinity Hotel-ში ჩვენ ვრჩებით“, — BILD-ის თქმით, მიუნხენელებმა ეს სიტყვები გამოიყენეს, ხელმძღვანელობას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენეს და „პარი სენ-ჟერმენს“ სხვა სასტუმროს პოვნა მოუწია.

L’Equipe-ის მიხედვით, ფრანგული კლუბი Andaz Hotel-ში დარჩება, რომელიც „ალიანც არენასთან“ ასევე ახლოს მდებარეობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ჯობნის და ერთ ქართველს ჩამორჩება | ბუდუ ჰაიდენჰაიმის ისტორიაში შევიდა
კვარას ჯობნის და ერთ ქართველს ჩამორჩება | ბუდუ ჰაიდენჰაიმის ისტორიაში შევიდა