მამუკელაშვილის 6 ქულა | კლივლენდმა ტორონტოს 7-მატჩიან სერიაში მოუგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქის“ შემდეგ სეზონი სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსისთვისაც“ დასრულდა. კანადელები პლეიოფის პირველ რაუნდში „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდნენ და 7-მატჩიან სერიაში დამარცხდნენ — 3:4.
„კლივლენდსა“ და „ტორონტოს“ შორის გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა „კავალიერსის“ საშინაო არენაზე გაიმართა. „ტორონტომ“ გუნდის ტრავმირებული ლიდერების — ბრენდონ ინგრემისა და იმანუელ ქუიკლის — გარეშე იასპარეზა და 102:114 დამარცხდა. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 49:49 დასრულდა. „კლივლენდმა“ გარდამტეხი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 38:19 მოიგო და საქმე ბოლომდე მიიყვანა.
მამუკელაშვილმა პარკეტზე 8 წუთი და 52 წამი გაატარა, მისი მონაგარი კი 6 ქულა იყო. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი და 1 საჯარიმო გააფუჭა. მის პასივში 2 პერსონალური ფოლი და 1 დაკარგვა გახლდათ.
„ტორონტოს“ მხრიდან 24 ქულით სკოტი ბარნსი გამოირჩა, ხოლო არ ჯეი ბარეტს 23 ქულა ჰქონდა. „კლივლენდის“ მაისურით ბრწყინვალე შეხვედრა ჰქონდა ჯარეტ ალენს — 22 ქულა, 19 მოხსნა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა. დონოვან მიტჩელმა 22 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა, ჯეიმს ჰარდენმა კი მატჩი 18 ქულით დაასრულა.
„კლივლენდი“ პლეიოფის მეორე რაუნდში აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ნომერს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდება. მეორე მხარეს ერთმანეთს „ნიუ იორკ ნიქსი“ და „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ შეხვდებიან.