შენგელიას 14 ქულა - ბარსელონამ იოლად გაიმარჯვა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 29-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში „გრან კანარიას“ უმასპინძლა და მოწინააღმდეგე საკმაოდ იოლად, 22-ქულიანი სხვაობით, 91:69 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ ტრადიციულად თამაში კატალონიური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მასპინძლების რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 23 წუთში 14 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. შენგელიამ ცხრიდან ხუთი ორქულიანი და ოთხიდან ოთხი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ერთადერთი სროლა კი არაზუსტი აღმოჩნდა. თოკომ ექვსიდან ორი მოხსნა თავდასხმაში შეასრულა, ბურთი ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, „ბარსელონა“ ლიგა ენდესას სატურნირო ცხრილში 20 მოგებითა და 9 წაგებით მეოთხე ადგილზეა. კატალონიელები მომდევნო ტურში 9 მაისს, „სან პაბლო ბურგოსს“ უმასპინძლებენ და მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.