ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

სენტ-ეტიენი კრიზისშია | ზურიკოს გარეშე კონკურენტთან დამარცხდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში როდეზმა შინ სენტ-ეტიენი 2:1 დაამარცხა.

სენტ-ეტიენმა ზედიზედ სამი მატჩი დათმო, აუტსაიდერ ბასტიასთან, ლიდერ ტრუასთან და კონკურენტ როდეზთან. ზურიკო დავითაშვილმა ბასტიასთან 90 წუთი ითამაშა, თუმცა საუკეთესო თვისებები ვერ გამოავლინა, სტუმრად 2:0 დამარცხდნენ. ტრუასთან მატჩის მე-16 წუთზე ქართველმა გარემარბმა ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა. ფაქტობრივად, ზურიკოს ბოლო ორ მატჩში არ უთამაშია, სენტ-ეტიენს მისი სახით ერთ-ერთი ლიდერი გამოაკლდა.

ტრუა 67 ქულით ლიდერია, ლე მანი 59 ქულით მეორე ადგილზეა, სენტ-ეტიენი 57 ქულით მესამეა, ამდენივე ქულაა მეოთხეადგილოსან რედ სტარის აქტივში, როდეზი 55 ქულით მეხუთეა. სენტ-ეტიენი მეორე ადგილზე გასვლით ლიგა 1-ში პირდაპირ აღზევდება და თუ მესამე ადგილს დაიკავებს, ფლეი-ოფის ფინალში ითამაშებს. მეოთხეზე და მეხუთეზე გასული გუნდები ფლეი-ოფის ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

ლიგა 2-ის დასრულებამდე 1 ტური რჩება. ბოლო ტურში, 9 მაისს სენტ-ეტიენი ბოლოადგილოსან და უმოტივაციო ამიენს მიიღებს. მეორეადგილოსან ლე მანს რთული მატჩი ელის, ბასტიას ესტუმრება, რომელმაც სენტ-ეტიენი დაამარცხა, ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და 3 ქულა ძალიან სჭირდება. ზედიზედ სამი მარცხის მიუხედაად სენტ-ეტიენი ლიგა 1-ში ფლეი-ოფის გარეშე, პირდაპირ აღზევების შანსს ინარჩუნებს.

ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 28 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები