ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

უეფას ნებართვა ბარსას - ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური სტუმრად

უეფამ „ბარსელონას“ ნება დართო ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი მატჩი სტუმრად გამართოს.

AS-ი „კატალონიის რადიოზე“ დაყრდნობით წერს, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არაოფიციალურად დააკმაყოფილა „ბლაუგრანას“ თხოვნა, რომ ჯგუფური ეტაპი გასვლითი თამაშით გახსნან. პირველი ტურის მატჩები 16-18 სექტემბერს ჩატარდება.

ამრიგად, „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე შინ მხოლოდ სექტემბრის შემდეგ ითამაშებს, რაც კლუბს საშუალებას მისცემს „კამპ ნოუს“ სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაასრულოს. ხუთშაბათს სტადიონი თავად უეფას წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს.

გარდა ამისა, წესების მიხედვით, ჯგუფური ეტაპის ყველა საშინაო შეხვედრა ერთსა და იმავე სტადიონზე უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, თუ „კამპ ნოუ“ მზად არ იქნება, „ბარსელონას“ ოთხივე მატჩის გამართვა გასული სეზონის მსგავსად „ოლიმპიკ ლუის კომპანისზე“ მოუწევს.

კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საშინაო არენა უეფას არაუგვიანეს 28 აგვისტოს უნდა დაუდასტუროს. ამჟამინდელი მონაცემებით, „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია კვლავ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სტადიონის გახსნა უკვე 4-ჯერ გადადეს.

თუ, სიტუაცია არ გამოსწორდა, „ბარსა“ კვლავ „ესპანიოლის“ ყოფილ არენაზე ითამაშებს და „კამპ ნოუზე“ 2026 წლის თებერვლიდან დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები