შირერი: „ისაკის საქციელი ამაზრზენია“
ალექსანდრ ისაკის სატრანსფერო საგა არაფრით არ სრულდება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ დასრულდება. 25 წლის შვედმა ფეხბურთელმა გუშინ საჯარო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ „ნიუკასლის“ ხელმძღვანელებმა ის მოატყუეს, ახალი კონტრაქტი იმ პირობით გაუფორმეს, რომ ზაფხულში გარკვეული თანხის სანაცვლოდ „ლივერპულში“ გაუშვებდნენ, ახლა კი მიცემულ სიტყვას არ ასრულებენ. სანამ ისაკის ნათქვამს „ჯორდების“ ხელმძღვანელები გამოეხმაურებიან, მათი დაცვა საკუთარ თავზე კლუბის ლეგენდამ ალან შირერმა აიღო და სკანდინავიელი ფორვარდი საჯაროდ გააკრიტიკა:
„საერთოდ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, მაგრამ არა ამ შემთხვევაში - ისაკის საქციელი ამაზრზენია, ბოლო განცხადებით კი ცეცხლზე ნავთი დაასხა. არ ვამბობ იმას, რომ ფეხბურთელის ვერსია არ უნდა მოგვესმინა, თუმცა ყოველივე ეს სარგებელს არც თავად მას მოუტანს და არც „ნიუკასლს“.
როგორ მოვიქცეოდი მის ადგილზე? აგენტს დაუყოვნებლივ გავანთავისუფლებდი, რადგან სწორედ მისი რჩევით გააფორმა „ჯორდებთან“ ისეთი კონტრაქტი, სადაც ტრანსფერის გამოსყიდვის პუნქტი არ არის ჩადებული. იმაზე საუბარი, რომ ვინმეს სიტყვაზე ენდო, თანამედროვე ფეხბურთში უბრალოდ სასაცილოა“.
ალექსანდრ ისაკი „ნიუკასლის“ ღირსებას 2022 წლიდან იცავს და მას შემდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 109 შეხვედრაში თავი 62 გოლით გამოიჩინა.