ბარსას გამო აგენტი გააგდო - დე იონგი კატალონიაში რჩება
ფრენკი დე იონგი უახლოეს მომავალში „ბარსელონასთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ცნობილი გამოცემის El Chiringuito-ს ცნობით, ნიდერლანდელი ფეხბურთელის ახალი აგენტი სებასტიან ლადურა კლუბის სპორტულ დირექტორს დეკუ სოუზას შეხვდა და უმცირეს დეტალებზეც კი საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ახალი აგენტი შემთხვევით არ გვიხსენებია - ძველთან თანამშრომლობა დე იონგმა სწორედ იმიტომ შეწყვიტა, რომ ის „ბლაუგრანას“ დატოვებისკენ მოუწოდებდა, თავად ფეხბურთელს კი დარჩენა სურდა.
აგენტსა და მოთამაშეს შორის ურთიერთობა მაშინ გამწვავდა, როდესაც კლუბის ხელმძღვანელებმა სთხოვეს, რომ სახელფასო დავალიანებას არა მთლიანად მიმდინარე სეზონში, არამედ მომდევნო წლების განმავლობაში, ეტაპობრივად დაუფარავდნენ, რაზეც დე იონგის დაუკითხავად, მისმა აგენტმა უარი განაცხადა და როდესაც ეს ყველაფერი ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა შეიტყო, მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „ბარსას“ დავალიანება დაუგროვდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ფრენკის ლამის წელიწადნახევარი ანაზღაურების გარეშე უწევდა ასპარეზობა.
ცნობისათვის, ამჟამინდელი შეთანხმება ასეთია - სახელფასო დავალიანება დე იონგს მომდევნო სამი წლის განმავლობაში სრულად დაუფარავენ და ეს თანხა ყოველთვიურად დანამატის სახით ჩაერიცხება. ახალი კონტრაქტი კი ძალაში 2028 წლამდე იქნება, რომლის მიხედვითაც 28 წლის ფეხბურთელი ყოველწლიურად ანაზღაურების სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს.