წასვლის ერთ-ერთი კანდიდატია | შესაძლოა, სიგუამ ბაზელი დატოვოს
CrystalSport-ის ინფორმაციით, „ბაზელი’’ შესაძლოა გაბრიელ სიგუამ დატოვოს. ამ საკითხზე ფეხბურთელის წარმომადგენლები მუშაობენ.
შვეიცარიული Sport-ის ინფორმაციით, იმისთვის რომ „ბაზელმა’’ კიდევ ერთი უცხოელი ფეხბურთელი დაიმატოს, ერთი უნდა გაუშვას. გაშვების კანდიდატები გაბრიელ სიგუა, ემანუელ ესიამი, კაო ედუარდო და ხუან გაუტო არიან. კლუბის სპორტული დირექტორი დანიელ შტუკი ტომას პალასიოსს (მილანის „ინტერი’’) და იბრაჰიმ სალაჰს („რენი’’) უმიზნებს. წყაროს ცნობით, „ბაზელს“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს, რათა მომავალი სეზონისთვის შემადგენლობა ოპტიმალურად დააკომპლექტოს. უახლოესი დღეები გამოავლენს, შეძლებს თუ არა კლუბი დაგეგმილი ტრანსფერების განხორციელებას.
20 წლის სიგუა „ბაზელში’’ 2023 წლის ზაფხულში, 18 წლის ასაკში გადავიდა. სადებიუტო სეზონში შვეიცარიულ კლუბში 19 მატჩში 3 გოლი შეაგდო, ტრავმებმა შესაძლებლობების გამოვლენაში ხელი შეუშალა. გასულ სეზონში 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშის მიწურულს ცვლილებაზე გამოდიოდა. მოკლედ, წასვლა მისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს.