პირველი მეკარის სტატუსის შენარჩუნება გართულდა | ხარატიშვილს მე-3 კონკურენტი მოუყვანეს
„პარდუბიცემ’’, რომლის შემადგენლობაში ლუკა ხარატიშვილი თამაშობს, კიდევ ერთი მეკარე დაიმატა, პრაღის „სლავიადან’’ სეზონის ბოლომდე ალეშ მანდოუსი ინათხოვრა. 33 წლის მანდოუსი საკმაოდ გამოცდილია, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2020-23 წლებში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში რეგულარულად იწვევდნენ, 4 მატჩი ჩაატარა. ჩეხეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2020-ზეც იყო, თუმცა არ უთამაშია.
ლუკა „პარდუბიცეს’’ მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, თავიდან სათადარიგო მეკარე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში ვითარება შეიცვალა, პირველი მეკარე გახდა და მისი კონკურენტი იახიმ შერაკი სკამზე დაჯდა. „პარდუბიცეში’’ კიდევ ერთი მეკარეა, 28 წლის იან სტეისკალი, რომელსაც პრაღის „სლავიასა’’ და ჩეხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. მოკლედ, ალეშ მანდოუსის დამატების შემდეგ გუნდში 4 მეკარეა, საკმაოდ დიდი კონკურენციაა. გუნდისთვის, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, 4 მეკარის ყოფნა დამახასიათებელი არაა, უცნაური ვითარებაა.
„პარდუბიცეში’’ მეკარის პოზიციას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მანდოუსის დამატების გარდა გუნდს მეკარეების კიდევ ერთი მწვრთნელი, პეტრ დრობიში შეუერთდა, ხოლო ლუბოშ პრჟიბილი, რომელიც 2024 წლიდან გუნდის მეკარეების მწვრთნელია, მუშაობას აგრძელებს. ასე რომ „პარდუბიცეს’’ მთავარ გუნდს მეკარეების 2 მწვრთნელი ჰყავს.
„პარდუბიცეში'' სხვა საკადრო ცვლილებაც მოხდა. სპორტულ დირექტორად იირჟი ბილეკი დაინიშნა, რომელიც 2020-25 წლებში პრაღის „სლავიას'' სპორტული დირექტორი იყო.
22 წლის ლუკა ხარატიშვილს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. თუ „პარდუბიცეში'' პირველი მეკარის სტატუსს შეინარჩუნებს და პროგრესს გააგრძელებს, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის კარგი შანსი აქვს. ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში 90 წუთი ითამაშა, მათ შორის პრაღის „სპარტასთან'' სტუმრად მოგებულ მატჩში, ხოლო „ჰრადეც კრალოვესთან'' კარი მშრალად შეინახა, რაც ასევე პოზიტიური ფაქტია.
ლუკა ბათუმის „დინამოს'' საკუთრებაშია და „პარდუბიცეში'' ერთწლიანი იჯარით თამაშობს.