მეცის მძიმე მარცხი თასზე - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში, გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ საკუთარ მოედანზე მეორელიგელ „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და 0:4 განადგურდა.
ქართველებიდან, გიორგი წიტაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა, აბუაშვილს კი თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.
სამწუხაროდ, როგორც გიორგი წიტაიშვილის, ისე მთლიანად „მეცს“ საკმაოდ სუსტი მატჩი გამოუვიდათ და საგოლე მომენტებიც პრაქტიკულად არ ჰქონიათ. წიტაიშვილის სტატისტიკა თამაშის განმავლობაში ასეთი იყო - ბურთთან 49 შეხება, 31-დან 28 ზუსტი პასი (90%), 3-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 საკვანძო პასი, კარისკენ 3 დარტყმა - 1 ზუსტი, 2 დაიბლოკა, 1 წარმატებული დრიბლინგი, 2 განმუხტვა, 2 დაბრუნება, 6-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.7 ქულით შეფასდა.
რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, „მონპელიემ“ ანგარიში მე-8 წუთზე სავანიეს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით გახსნა, 21-ე წუთზე კი ისუფუმ სხვაობა ორამდე გაზარდა და ტაიმი 0:2 დასრულდა. მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ორი უპასუხო გოლი გაიტანეს - 46-ე წუთზე ტჩატომ და 64-ე წუთზე პაისმა.
ამ მარცხით, „მეცი“ საფრანგეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ქართველების გუნდს ლიგა 1-შიც მძიმე მდგომარეობა აქვს და დასარჩენად იბრძვის. 17 ტურის შემდეგ „მეცი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 12 ქულით ბოლო, მე-18 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 18 იანვარს, სტუმრად, „სტრასბურგის“ წინააღმდეგ გამართვს.