„ეს დიდი სიმწარე ახლაც ტვირთად მაწევს“ - ბაჯო აცილებულ პენალტზე
როდესაც ფეხბურთის გულშემატკივრები გადამწყვეტ მომენტში გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანებს იხსენებენ, ყველას პირველ რიგში გონებაში რობერტო ბაჯოს მიერ 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ვერგამოყენებული პენალტი უტივტივდება. მაშინდელი თამაშის შემდეგ „ცხენისკუდას“ კარიერაში ბევრი კარგი რამ მოხდა, მაგრამ იმ ეპიზოდის გადახარშვა და მხრებიდან დიდი ტვირთის მოხსნა ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დღემდე ვერ მოახერხა, რაც მან გამოცემა Forbes Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც დაადასტურა.
რობერტო ბაჯო
მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავსულიყავი და ბრაზილიის წინააღმდეგ მეთამაშა. ზუსტად არ მახსოვს კონკრეტულად რა მომენტიდან, თუმცა ეს მიზანი პატარაობიდანვე დასახული მქონდა. საკუთარ თავს მუდამ ჩვეულებრივ ადამიანად ვთვლიდი განსაკუთრებული თვისებების გარეშე, მაგრამ ფეხბურთის მიმართ უკონტროლო გატაცება მქონდა - დილიდან საღამომდე ბურთს თავიდან არ ვიშორებდი.
1994 წლის მუნდიალის მოსაგებად აბსოლუტურად ყველაფერი გვერდზე გადავდე. იტალიის ნაკრებს წარმოვადგენდი და რა თქმა უნდა, ასეთი მიზანიც უნდა დამესახა. ყოველ ღამე ძილის წინ ვფიქრობდი და ვოცნებობდი იმის შესახებ, თუ როგორ სტილში გამქონდა გადამწყვეტ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი.
შემდეგ კი ეს ოცნებები როგორც შემომიტრიალდა, ყველამ ნახა. მოვლენები ისე განვითარდა, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი და ალბათ, ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება. წარმოიდგინეთ, ოცნება ხელის გაწვდენაზე იყო, რა დროსაც წარმოუდგენელი ტრაგედია, უდიდესი სიმწარე დამატყდა თავს და ეს ტვირთი მხრებიდან ახლაც ვერ ჩამომიხსნია.
სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშე და სამივე შემთხვევაში ჩემი გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა. ამის გადახარშვა კი ნებისმიერ ფეხბურთელს გაუჭირდებოდა, რის გამოც არ მიკვირს, რომ ამ ყველაფერზე დღემდე ვნერვიულობ.
ცნობისათვის, რობერტო ბაჯომ 1990, 1994 და 1998 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე იასპარეზა და როგორც თავად აღნიშნა, სამივეჯერ პენალტების სერიაში წააგო. აშშ-ის მუნდიალის საფინალო ტრაგედიაზე ყველამ ყველაფერი კარგად იცის. 1990 წლის პლანეტის პირველობაზე იტალიის ნაკრები საფეხბურთო ლატარეაში არგენტინელებთან, რვა წლის შემდეგ საფრანგეთში კი ტურნირის მასპინძლებთან დამარცხდა.