მოისწრაფიშვილის მაგარი მატჩი და ორი საგოლე გადაცემა | მექვაბიშვილის ასისტი დამატებით დროში
უეფას კონფერენს ლიგის მესამე რაუნდში გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავას“ მეტოქე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ გახლდათ. რუმინულმა კლუბმა პირველი შეხვედრა 3:0 მოიგო, განმეორებით თამაშში კი სლოვაკებმა 4:1 იმარჯვეს და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელშიც მომდევნო ეტაპზე „კრაიოვა“ გავიდა.
ორივე ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, თუმცა საგოლე მოქმედების გარეშე მოედანი არც ერთ მათგანს დაუტოვებია. მოისწრაფიშვილს ფენომენალური შეხვედრა ჰქონდა და დამატებითი დროის დანიშვნაში დიდი წვლილი შეიტანა.
გიორგი მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. 63-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ჯარიმა დაარტყა, რომელიც „კრაიოვას“ მეკარემ აიღო, ბურთი ხარიხას მოხვდა და დამატებაზე პირველი პატრიკ ნვადიკე გახლდათ - 2:1. 5 წუთში მოისწრაფიშვილის მორიგ ჯარიმას ფილიპ აზანგოს საოცარი გოლი მოჰყვა, მე-80 წუთზე კი გიორგიმ მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა და მისი სტანდარტულის შემდეგ თავი ტიმოტეი კუდლიკამ გამოიჩინა.
შეხვედრის ძირითადი დრო 4:1 დასრულდა, 101-ე წუთზე კი მექვაბიშვილის ჯერი დადგა. ანზორმა კუთხური ჩააწოდა და ტუდორ ბალუტამ გაიტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 117-ე წუთზე სტივენ ნსიმბამ დააფიქსირა.
ამრიგად, „კრაიოვა“ მომდევნო ეტაპზე გავიდა და კონფერენს ლიგის პლეიოფში „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდება.