“ადაპტაციისთვის დრო სჭირდება“ - დუდეკი მამარდაშვილზე
გიორგი მამარდაშვილის და ალისონ ბეკერის კონკურენციაზე არაერთი ადამიანი საუბრობს. გამონაკლისი არც ლივერპულის ყოფილი კარის დარაჯი იერჟი დუდეკი გახლავთ, რომელიც მერსისაიდული კლუბს ესაუბრა.
რა თქვა დუდეკმა?
„დღეისათვის „ლივერპულს“ ორი მაღალი კლასის მეკარე ჰყავს. ამ მხრივ გუნდს პრობლემა არც გასულ სეზონში ჰქონია, რადგან, როდესაც შანსი ეძლეოდა, კელეჰერი ბრწყინვალედ თამაშობდა. რთული სეზონი იქნება, წინ ბევრი თამაშია, არავინ იცის, რა მოხდება და ამიტომ ორი კარგი მეკარე გუნდში აუცილებელია.
ჩემი აზრით, ალისონი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის „ლივერპულის“ პირველი ნომერია. მამარდაშვილს კი შეუძლია, ნამდვილად კარგი შემცვლელი გახდეს, მას ყველა თვისება აქვს, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს. კონკურენცია ყველა პოზიციაზე საჭიროა, განსაკუთრებით კი – კარში.
რა თქმა უნდა, მამარდაშვილს ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, რადგან პრემიერ ლიგა განსხვავებული ტურნირია, სადაც თამაში უფრო სწრაფი გახდა, გიორგი ამას მალე მიხვდება. მეკარეებზე გაცილებით მეტი წნეხია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მათ ფეხით უფრო აქტიურად უწევთ თამაში. ამ მხრივ უზარმაზარი განსხვავებაა პრემიერ ლიგასა და, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგას შორის.
ინგლისში მსაჯობის სტილიც განსხვავებულია. რაზეც სხვა ქვეყნებში ჯარიმას ნიშნავენ, პრემიერ ლიგაში მსგავს დარღვევას, შესაძლოა, ყურადღება არ მიაქციონ, მეკარე ამას უნდა შეეგუოს და ამ წნეხსაც გაუმკლავდეს.
მე მაქვს როგორც პირველი მეკარეობის, ასევე სათადარიგოდ ყოფნის გამოცდილება და ვიცი, როგორ უნდა ივარჯიშონ მეკარეებმა, რათა კლუბის წარმატებაში წვლილი შეიტანონ.
გაცილებით თავდაჯერებული ვიყავი, როდესაც ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი. ასე იყო „ლივერპულში“, „ფეიენოორდში“, მაგრამ 2007 წელს, როდესაც „რეალში“ გადავედი, მითხრეს, რომ მეორე მეკარე ვიქნებოდი და ჩემი როლი თამაშებისთვის კასილიასის უკეთ მომზადება იქნებოდა, რათა იკერი საუკეთესო ფორმაში ყოფილიყო. ეს ვითარება მივიღე და შევასრულე კიდეც.
იდეალური სიტუაციაა, როდესაც გუნდში ორივე მეკარე მაღალი კლასისაა. ასე რომ, თუ ალისონი უმაღლეს დონეზეა, მამარდაშვილიც უნდა ეცადოს, რომ მის დონემდე მივიდეს. მან იცის, რომ ამ ეტაპზე ის მეორე ნომერია, მაგრამ თუ შანსი მიეცემა, უნდა გამოიყენოს. მისი და ალისონის ურთიერთობა ასევე დამოკიდებულია მეკარეების მწვრთნელზე, თუ როგორ მოამზადებს ის მთავარ მეკარეს და გააუმჯობესებს მეორე ნომერს.
ჯერჯერობით, რაც ვნახე, მეკარეებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება, რადგან „ლივერპული“ ბევრს ტურნირზე თამაშობს და ადრინდელი დრო არაა, როდესაც ერთ მეკარეს შეეძლო ზედიზედ ბევრი თამაში ჩაეტარებინა, ახლა შანსი ყველას ექნება“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლივერპულმა ერთი ოფიციალური მატჩი გამართა. მერსისაიდელები ინგლისის სუპერ თასის ფინალში კრისტალ პალასს დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში დამარცხდნენ. კარში ალისონ ბეკერი იდგა.
რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არნე სლოტის გუნდი პირველ ტურში ბორნმუთს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 15 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.