„შტურმში ბოლომდე დარჩება“ - კვირკველია კიტეიშვილის წასვლას არ ვარაუდობს
უკანასკნელი წლებია რეგულარულად ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმს“ დატოვებს და კარიერას უფრო მაღალი დონის კლუბსა და ძლიერ ჩემპიონატში განაგრძობს, თუმცა თითოეული სატრანსფერო ფანჯარა ისე იხურება, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცის გუნდის ერთგული რჩება. რამდენად არის იმის შანსი, რომ კიტემ ამჯერადაც არ დატოვოს ავსტრიის ჩემპიონის რიგები, ამის თაობაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი დავით კვირკველია Crystalsport-ს ესაუბრა.
რა თქვა კვირკველიამ
არის ფეხბურთელთა კატეგორია და ასეთის ძალიან ბევრის ჩამოთვლა შემიძლია, რომლებიც გარკვეულ კლუბებში თავს კომფორტუალდ გრძნობენ და კარიერის ბოლომდე ამ კლუბების ერთგულებად რჩებიან. ვფიქრობ, რომ ოთარ კიტეიშვილიც ზუსტად ასეთია და ამ გუნდის ფანები უბედნიერესები იქნებიან, თუ ის ბოლომდე გრაცში დარჩება, რადგან იქ ნამდვილი ლეგენდაა.
რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილსა და გიორგი მიქაუტაძეს, არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები. „ლიონში“ ძალიან არეული მდგომარეობაა, მაგრამ ამ გუნდის სახელი და ტრადიციები ძველებურად აღსანიშნავია, ხოლო მიქაუტაძე დარწმუნებული ვარ, გოლების გატანას ძველებური სიხშირით განაგრძობს. ჟორჟის მსგავსად, ზურიკომაც დაამტკიცა, რომ დიდი ფეხბურთელია და მჯერა, უკეთეს გუნდში განაგრძობს კარიერას.
ცნობისათვის, ოთარ კიტეიშვილი ზედიზედ ორჯერ გახდა „შტურმთან“ ერთად ქვეყნის ჩემპიონი და ორივე შემთხვევაში ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.