ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა კვარაცხელია
Aa
Aa

მამუკა კვარაცხელია: „ხვიჩამ მთელი ქვეყანა ფეხბურთისკენ შემოატრიალა“

მამუკა კვარაცხელია სპორტის ნომერ პირველი სახეობის ქომაგებისთვის უცხო ფიგურა არასოდეს ყოფილა - ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და ქართული ფეხბურთისთვის სარგებლის მოტანას სხვადასხვა პოზიციიდან ცდილობდა. არცთუ ისე შორეულ წარსულში, მისი საოცარი აქტივობის ხარჯზე, რამდენიმე საფეხბურთო მოედანი დანგრევას გადაურჩა, ამჟამად კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტადიონების განყოფილების ინსპექტირების ხელმძღვანელად მუშაობს.

მას შემდეგ, როდესაც მისი მოგვარე და ნათესავი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების 30 ნომინანტს შორის უკანასკნელ სამ წელიწადში მეორედ მოხვდა, მამუკა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ ვარსკვლავზე საკმაოდ ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა.

მამუკა კვარაცხელია

სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ, რიგი პოლიტიკოსების განცხადებები აქტიურად ვრცელდებოდა, როდესაც ისინი ჩვენ ქვეყანაში ფეხბურთის გაუქმებას და „დინამო არენაზე“ რაღაცეების დათესვას ითხოვდნენ. ყოველივე ამის ფონზე, უბრალოდ შეხედეთ, ხვიჩამ, ამ პატარა ბიჭმა რამხელა სასწაული მოახდინა და არამხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისათვის ყველაფერი  როგორ ძირფესვიანად, დადებითი კუთხით შეცვალა.

კვარამ გარდა იმისა, რომ მთელი საქართველო ფეხბურთისკენ მოატრიალა და ხალხს ამ სპორტისადმი სიყვარული დაუბრუნა, ფეხბურთში მოვარჯიშე ბავშვების რაოდენობა თითქმის ორჯერ არის გაზრდილი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ გაუთქვა ევროპაში ჩვენს ქვეყანას სახელი - ზოგიერთ სახელმწიფოში ქართველებს პოლიციელები მისი ხათრით ჯარიმებს არ უწერენ, ზოგიერთ ქართველს კი, რომელიც მოხუცს უვლის, ხელფასები მოუმატეს.

გარდა ამისა, ხვიჩას გამოისობით, ევროპული კლუბების ინტერესი ქართველი ფეხბურთელების მიმართ ერთიორად არის გაზრდილი. მათიც კარგად მესმის, რადგან არ სურთ „აიაქსისა“ და „ბაიერნის“ მდგომარეობაში ჩავარდნენ, რომლებიც ალბათ დღემდე ნანობენ კვარაცხელია რომ ვერ დაიმატეს. დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის ზუსტად მახსოვს, რომ ამსტერდამელებმა და მიუნხენელებმა ხვიჩაში საკმარისი პოტენციალი ვერ დაინახეს და მისი სატრანსფერო თანხა ძვირი მოეჩვენათ.

რაც შეეხება „ოქროს ბურთს“, არ ვიცი ხვიჩა რომელ ადგილზე გავა, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს ბიჭი ბუნებით მაქსიმალისტია და მუდამ პირველობისთვის იბრძვის. ჩემს მეგობარს და ხვიჩას მამას ბადრი კვარაცხელიას კი ვეუბნები, რომ ის საქართველოში ყველაზე ბედნიერი მამაა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი 22 სექტემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარე „შატლეს“ თეატრში გაიმართება.

 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პრესინგს ნორმალურად ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ თამაშობს“ - ჟორჟიკაშვილი კრიზისის მიზეზებზე
„პრესინგს ნორმალურად ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ თამაშობს“ - ჟორჟიკაშვილი კრიზისის მიზეზებზე