დავითაშვილს სენტ-ეტიენის დატოვება სურს | კლუბი გაყიდვის წინააღმდეგია
ფრანგული მედიის (L'Equipe) ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენიდან’’ წასვლა სურს, მის გეგმებში ლიგა 2-ში დაბრუნება არ შედის. მიუხედავად იმისა, რომ „სენტ-ეტიენმა’’ მიმდინარე ზაფხულში ტრანსფერებში უკვე 18 მილიონი ევრო დახარჯა, ფინანსური კუთხით საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვის საჭიროება არ აქვს. „სენტ-ეტიენი’’ გუნდის ორი გამორჩეული ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის შენარჩუნებას ცდილობს და ამ ეტაპზე იმ ფეხბურთელების გაშვებითაა დაკავებული, რომლებიც კლუბის გეგმებში აღარ შედიან.
დავითაშვილმა ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, გუნდი ლიგა 2-ში გავარდა, თუმცა ზურიკოსთვის პირადი პროდუქტიულობიდან გამომდინარე კარგი სეზონი იყო (2024-25), 31 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა (16 საგოლე მოქმედება). მან გოლები საუკეთესო ხუთეულის გუნდებიდან სამს გაუტანა: პსჟ-ს, „მონაკოსა“ და „ლილის“. ასევე, „ოსერთან“ ჰეთ-თრიკი შეასრულა, „ანჟესთან“ - დუბლი. ასეთი სტატისტიკიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ზურიკოს ქვედა ლიგაში დაბრუნება არ სურს.
იტალიური Il Resto del Carlino-ს ცნობით, ზურიკოს აგენტმა მამუკა ჯუღელმა დავითაშვილი „ბოლონიას’’ შესთავაზა. „ბოლონია’’ ნდოიეს „ნაპოლიში’’ ყიდის და მის ერთ-ერთ ალტერნატივად ქართველი გარემარბი მოიაზრება. იტალიური კლუბის საბოლოო პოზიცია უცნობია, თუმცა Il Resto del Carlino იუწყება, რომ ბევრი რამ ნდოიეს მომავალზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, დავითაშვილს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. „მწვანეებს“ მისი გაშვება არ სურთ და ზურიკოს სანაცვლოდ მინიმუმ 15 მილიონ ევროს ითხოვენ. Transfermarkt-ზე 24 წლის შემტევის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.