განაცხადში ისევ ვერ მოხვდა - უახლესი ინფორმაცია ჩაკვეს მდგომარეობაზე
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ამხანაგურ მატჩში მესამე ლიგის წარმომადგენელ „ლეიტონ ორიენტს“ მასპინძლობს, თუმცა ქართველი ნახევარმცველი „ონავრების“ განაცხადში ისევ ვერ მოხვდა.
„ახალწვეული ლუკა კიერუმგორდი მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. ტრავმის შემდეგ პირველად დაბრუნდება მოედანზე კვადვო ბაა, რომელმაც წინა სეზონის დასკვნითი ნაწილის შეხვედრები დაზიანების გამო გამოტოვა. ტრავმები მოირჩინეს ჯეიმს აბანკვამ და ჯერემი ნგაკიამაც, რომლებიც გუნდს წინა შეხვედრაში, „უიმბლდონის“ წინააღმდეგ ვერ ეხმარებოდნენ.
ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არაა გუნდის კიდევ ორი ახალწვეული, ნესტორი ირანკუნდა და ოთმანე მაამა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს გადის“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ბოლოს 5 აპრილს ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ნახევარმცველის შეძენით „ვალენსიაა“ დაინტერესებული, ბრიტანული მედია წერს ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში აღზევებული „ლიდსის“, „ბარნლისა“ და „სანდერლენდის“ მხრიდან ინტერესზეც.